საქართველო ხელბურთელ გოგონათა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლებს

17 ივნისი, 2020 20:22 სპორტი



საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ორი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. 2021 წელს, ჩვენს ქვეყანაში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, 2022 წელს კი, 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

ხელბურთის ფედერაცია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას თბილისსა და ბათუმში გეგმავს, სადაც საერთაშორისო სტანდარტების სპორტის ახალი სასახლეების მშენებლობები წარმატებულად მიმდინარეობს, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა კი მომავალ წელს თბილისშია დაგეგმილი.

უკვე ცნობილია 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა - 2022 წელს საქართველოში მსოფლიოს 32 ქვეყნის ახალგაზრდა ხელბურთელები ჩამოვლენ, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი 8-დან 12 გუნდამდე ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ხელბურთის ფედერაცია, სპორტის პროტოკოლის დაცვით, აგვისტოს თვეში აპირებს ერთობლივი ვარჯიშების განახლებას ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდების ხელბურთელებისთვის.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია დიდი ნდობით სარგებლობს საერთაშორისო და ევროპის ფედერაციაში და მაღალი დონის ტურნირების ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზატორად ითვლება.

2015 წლიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში გაიმართა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების 3 ფინალური და 2 შესარჩევი ტურნირი, IHF ერთა თასი, EHF ქალთა თასი და IHF/EHF 2 ჩელენჯ-ტროფი.


წყარო:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბოლო სიახლეები