მეზობელ ქვეყნებში სეზონურად დასაქმების ჩანაცვლება სოფლის მეურნეობაში დასაქმებით გახდა შესაძლებელი - ლევან დავითაშვილი

21 ივლისი, 2020 16:22 ეკონომიკა & ბიზნესი







გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, შესაძლებელია, ადგილზე შეთავაზებული სამუშაო ადგილებით ჩანაცვლდეს.

 „ქვეყანის სხვადასხვა კუთხეში ორგანიზებულად ხდება სამუშაო ძალის გადანაწილება. სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, მოთხოვნა სამუშაო ძალაზე არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, სადაც სეზონური დასაქმების საშუალებები არსებობს.
სხვადასხვა ხილის კულტურების დაბინავების პროცესში, პირველ რიგში, ეს ეხება ატამს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 2000-მდე ადამიანი არის ჩართული და დასაქმებული. ჩვენ, ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად, მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთ ნაწილი. დასაქმების პერსპექტივები ჩნდება ქვეყნის არაერთ კუთხეში. ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური მოსავლის აღება-დაბინავების სეზონი კახეთში, რომელიც უკავშირდება რთველს, ამის შემდეგ, სამუშაო ძალის საჭიროება იქნება შიდა ქართლში, შემდეგ თხილის მოსავლის აღება-დაბინავების სეზონი იწყება. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სეზონურად დასაქმება, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ბოლო წლების ტენდენციები არის საკმაოდ დადებითი, საკმაოდ გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო აქტივობა ყველა მიმართულებით, ფაქტობრივად, ყველა კუთხეში, რაც იძლევა საშუალებას, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს, მიიღოს მეტი ანაზღაურება, რაც ჩვენი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო სიახლეები