საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის ცალკეული პოლიტიკური ძალების ანტიქართული მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტი

22 ივლისი, 2020 23:39 ექსკლუზივი


ექსკლუზივი



საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის ცალკეული პოლიტიკური ძალების ანტიქართული მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტი

 

საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში ბევრი მოკავშირე რესპუბლიკა დადგა აგრესიული სეპარატიზმის პირისპირ. მისმა კერებმა პერმანენტულად იწყეს გაჩენა იმ პერიოდში, როდესაც მოკავშირე რესპუბლიკებმა სსრკ-დან გასვლის მტკიცე კურსი აიღეს. 1990 - 1991 წლებში ეს პროცესი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში გაჩნდა ეგრეთ წოდებული "ინტერფრონტები", რომლებიც, როგორც წესი, ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობისგან შედგებოდა. საქართველოში ცენტრიდანულ ძალებთან საბრძოლველად კრემლმა ანტიქართული რესურსების გამოყენება დაიწყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მოლდოვაში ნაჩქარევად შეიქმნა ორი ავტონომია - გაგაუზია და დნესტრისპირეთი. უკრაინაში, ყირიმში რესპუბლიკურ სტრუქტურებზე ზეწოლისთვის "ნაღმები" ჩაიდო. ამ მიმართულებით კრემლის ყველა მცდელობა ემსახურებოდა მიზანს: რესპუბლიკების მოსახლეობის ის ნაწილი, დამოუკიდებლობას რომ მოითხოვდა, დაეპირისპირებინა მოსახლეობის მეორე სეგმენტისთვის, რომელიც სსრკ-ის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.

თუმცა, ამ პროცესებთან ერთად, ეროვნებათშორისი კონფლიქტი იმ რესპუბლიკებშიც წარმოიშვა, რომელთათვისაც სსრკ-დან გამოსვლა პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. მათ რიცხვს მიეკუთვნება კონფლიქტი უზბეკეთში, ფერგანის ხეობაში თურქ-მესხებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, კონფლიქტი ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ოლქში, სისხლიანი გარჩევები ყირგიზეთში, ოშის ოლქში. დაძაბულობა გაძლიერდა თავად რსფსრ-შიც, რომელიც სსრკ-ის ერთ-ერთი სუბიექტი იყო. საბჭოთა კავშირის ამ ყველაზე დიდ რესპუბლიკაში შიდა კონფლიქტების შესახებ ცნობები პერიოდულად მისდიოდა ქვეყნის ხელმძღვანელობას და მეტისმეტ საზრუნავს უქმნიდა მას.

ამ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე შეურიგებელ და დაძაბულ კონფლიქტად შეიძლება მივიჩნიოთ კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის ოლქის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში  ავტონომიურ წარმონაქმნად არსებობდა. ამ უთანხმოებამ სახიფათო მასშტაბებს მიაღწია და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. უფრო მეტიც - ორივე რესპუბლიკაში დაიწყო სამხედრო ფორმირებების შექმნის პროცესი სსრკ-ის ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო ნაწილების პოტენციალის გამოყენებით, დისლოკაციის ადგილების მიხედვით.

სიტუაცია სსრკ-ში სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდებოდა. აშკარა იყო, რომ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება გორბაჩევის ხელმძღვანელობით ქვეყანაში სიტუაციაზე კონტროლს კარგავდა. საჭირო იყო სასწრაფო რეფორმების მიღება, უპირველესად, ქვეყნის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გარდაქმნის კუთხით. ქვეყნის დემოკრატიული სპექტრის ნაწილმა, რომელსაც ანდრეი სახაროვი და მისი მეუღლე ე. ბონერი ხელმძღვანელობდნენ, წამოაყენა იდეა, მოკავშირე რესპუბლიკებისა და ავტონომიური წარმონაქმნების უფლებები ერთ დონეზე გაეთანაბრებინათ. ამ გეგმის მიხედვით, 40-მილიონიან უკრაინასა და 60-ათასიან სამხრეთ ოსეთს უფლებები უთანაბრდებოდათ და უშუალოდ, პირდაპირ დაექვემდებარებოდნენ ცენტრს. ეს კი ლახავდა იმ რესპუბლიკების უფლებებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ავტონომიური წარმონაქმნები. ამის მიუხედავად, პროექტს პერსპექტიულად მიიჩნევდნენ და განიხილავდნენ რსფსრ-ში შემავალი მსხვილი ავტონომიური ფორმირებები, მაგალითად, თათრეთი, ბაშკირეთი და სხვები. აშკარად გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი მოკავშირე რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ფორმირებებს შორის სსრკ-ის სივრცეში. ამ ფონზე ცენტრი გორბაჩევის ხელმძღვანელობით შეეცადა საბჭოთა კავშირის დაშლისგან დაცვის პროცესი აემოქმედებინა, რომელიც ისტორიაში "ნოვოოგარევსკის პროცესის" სახელით შევიდა, სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით.

ეს პროცესი მიმართული იყო კავშირის დაშლისგან გადარჩენისკენ მისი ტრანსფორმირების გზით, უმთავრესად, სამართლებრივი კუთხით. ავტონომიური ფორმირებების ხელმძღვანელებმა თავიდანვე წამოაყენეს თავიანთი პრეტენზიები ახალი საკავშირო შეთანხმების მომზადებაში მათი უშუალო მონაწილეობის შესახებ. ყველაზე მეტად აქტიურობდა თათრეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. შაიმიევი, რომელიც, ფაქტობრივად, ყოფილი სსრკ-ის ავტონომიური ფორმირებების მთავარ ლობისტად იქცა. ის ითხოვდა, თათრეთისთვის და სხვა რესპუბლიკებისთვის ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მიენიჭებინათ სხვა დანარჩენ მოკავშირე რესპუბლიკებთან გათანაბრებული პოზიციით. მას მხარს უჭერდნენ ისეთი ავტონომიების წარმომადგენლები, როგორებიცაა ბაშკირეთი, ჩუვაშეთი და იაკუტია. ამ საკითხში აქტიური პოზიცია დაიჭირა აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენელმა ვ. არძინბამ, რომელიც ფარვატერში იმპერიული წრეების პოლიტიკას ატარებდა. თუმცა, რუსეთის ბევრ მოღვაწეს ესმოდა, რომ ავტონომიის მოთხოვნების აყოლით, შესაძლოა, რუსეთისთვის დამანგრეველი დეზინტეგრაცია მიეღოთ. ამ საკითხისადმი მიდგომებში განხეთქილებამ იჩინა თავი. მაგალითად, თუ აფხაზეთს მისცემდნენ ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას, სამხრეთ ოსეთი ნოვოოგარევსკის პროცესის მიღმა რჩებოდა. გორბაჩევზე ზეწოლა მოახდინა ბაშკირეთის ხელმძღვანელმა. მ. რახიმოვი მიიჩნევდა, რომ ავტონომიების უფლებები მთლიანად იგნორირებული იყო. მეტიც - მისი თქმით, მათ ის პრივილეგიებიც დაკარგეს, რომლებიც სსრკ-ის პერიოდში ჰქონდათ.

სსრკ-ის ხელმძღვანელებმა, განსაკუთრებით - ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მდგომარეობა სახელმწიფო გადატრიალების გზით გამოესწორებინათ, რაც 1991 წლის აგვისტოში სცადეს კიდეც. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) პუტჩი ჩაიშალა.

ნოვოოგარევსკის პროცესის ფინალური წერტილი გახდა 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ხელმძღვანელთა მიერ ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერა, რომელშიც დსთ-ს შექმნის თაობაზე განაცხადეს.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ზოგიერთ ყოფილ რესპუბლიკაში გარედან ინსპირირებული სისხლიანი კონფლიქტი გაჩნდა. ძირითადი კერები იყო აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში. რუსეთში კი დაიწყო პროცესი, რომელმაც საკმაოდ უჩვეულო ფორმები მიიღო პრეზიდენტ ელცინის ავტონომიებთან დაკავშირებული ლოზუნგის წყალობით - "აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც გჭირდებათ". დაიწყო ცენტრსა და ავტონომიებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პროცესი, რომელიც ამ უკანასკნელთა მხრიდან მათ სასარგებლოდ მაქსიმალური პრივილეგიების მიღების სურვილის ფონზე მიმდინარეობდა. ამ პროცესის წამყვანი რგოლი იყო თათრეთი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის თაობაზე ორაზროვანი რეფერენდუმის ჩატარებაც კი მოახერხა. ამავე დროს დაიძაბა სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაშიც - ჩეჩნეთის ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი ჯ. დუდაევი, რომელმაც ცენტრთან დაპირისპირების კურსი აიღო.

ასეთ ფონზე მოხდა სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში, რის შედეგადაც ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება დაამხეს. სამწუხაროდ, გადატრიალების განხორციელებამდე რუსეთის დემოკრატიულმა ძალებმა გამსახურდიას მთავრობის მოღვაწეობის დისკრედიტაცია მოახდინეს, უპირველესად, პოსტსაბჭოთა სივრცეში. აკადემიკოს ა. სახაროვის დამსახურებით, საქართველო წარმოდგენილი იყო, როგორც "მცირე იმპერია" და ტერიტორიული მთლიანობისთვის მისი ბრძოლა აგრესიის აქტად განისაზღვრებოდა. დაძაბული სიტუაცია საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში, სადაც ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების წინააღმდეგ აგრესია გააჩაღეს რუსეთისთვის სამხრეთ ოსეთის (შეიქმნა მხოლოდ 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ) რუსეთთან მიერთების ლოზუნგით, მომავალი ტრაგიკული პროცესების კატალიზატორად იქცა.

გამსახურდიასა და მისი მომხრეების სისხლიანი ჩახშობა პირველი მერცხალი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ახალმა ელიტამ - უმთავრესად, ახალი რუსული ავტონომიების წარმომადგენლებმა საკუთარი ინტერესები წამოწიეს. რუსულ პოლიტიკაში გააქტიურდნენ ისეთი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, როგორებიც იყვნენ შოიგუ, კალმიკოვი, სტაროვოიტოვა, ზატულინი, შაიმიევი და მრავალი სხვა.

სიტუაციით ისარგებლეს აფხაზმა სეპარატისტებმა და, ამ ძალების წაქეზებით, აღნიშნული ავტონომიის საქართველოს იურისდიქციიდან გამოყვანის ფართომასშტაბიანი პოლიტიკა წამოიწყეს. ამ დროისათვის ე. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც ლეგიტიმურობა არ ჰქონდათ. გამსახურდიას პერიოდში აფხაზებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ჰქონდათ მინიჭებული, შევარდნაძემ კი ვერ მოახერხა ესარგებლა ამით და მოახლოებული სისხლისმღვრელი კონფლიქტის თავიდან აცილების გზა ეპოვა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში სიტუაციას გამსახურდიას გასამხედროებული მომხრეები აკონტროლებდნენ, აჭარაში კი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობდა ასლან აბაშიძე. ასეთ პირობებში შევარდნაძის ძალაუფლება საკმაოდ მერყევი იყო და ქვეყნის ხელმძღვანელობას ზოგჯერ დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ უბიძგებდა. ამ დროს შევარდნაძემ ყველაზე სერიოზული შეცდომა დაუშვა: დათანხმდა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ფორმირებების შეყვანაზე, რომლებიც ხშირად დისციპლინით დიდად არ გამოირჩეოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის დაწყების ოფიციალური საბაბი სარკინიგზო კომუნიკაციების ყაჩაღური თავდასხმებისგან დაცვა გახდა, სულ ცოტა ხანში ეს პროცესი სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა.

სწორედ ამ შიდა კონფლიქტით ისარგებლეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, რათა ქვეყნებს შორის მაქსიმალური განხეთქილება ჩამოეგდოთ. ამ მოძრაობის ავანგარდში იდგნენ ავტონომიური წარმონაქმნების ლიდერები, რომლებიც, რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებო სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ლობირებდნენ საქართველოს მიმართ სეპარატისტების აგრესიულ ინტერესებს.

აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიების უმეტესობამ სეპარატისტების პოზიცია დაიჭირა. თავი იჩინა ავტონომიების ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, საბჭოთა სახელმწიფოში ყოფნისას ერთობლივი ბრძოლის გამოცდილებამ. ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეებისგან სამხედრო ლაშქრები იქმნებოდა, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე გადაჰყავდათ. კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობდნენ კაზაკები. სეპარატისტულმა წრეებმა იდეოლოგიურ ფრონტზეც ამოქმედდნენ და წარმოადგენდნენ საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ ინტერესებს, რომლებიც არ ემთხვეოდა ერთმანეთს მრავალი მიმართულებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1991 წელს შექმნილმა მთიელ ხალხთა კონფედერაციამ, რომელიც თითქოსდა რეგიონის გამთლიანებისა და დამოუკიდებლობისთვის შეიქმნა, რუსეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შექმნა დაიწყო, შემდგომში საქართველოსთან საომრად გადასაგზავნად. საგულისხმოა, რომ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო შამილ ბასაევი. ამ დროიდან სეპარატისტები ცდილობდნენ, გამოეყენებინათ რუსეთში არაპოპულარული შევარდნაძის ფიგურა, რომელიც სსრკ-ის დაშლაში ლამის მთავარ დამნაშავედ გამოიყვანეს. დაპირისპირების პროცესში ჩაერთო აფხაზეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ნაწილიც. 1993 წლის მარტში მათი წარმომადგენლებისგან შეიქმნა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, რომლის სინდისზეც მხოლოდ ქართველი სამხედროების კი არა, უამრავი მშვიდობიანი მცხოვრების სისხლიც არის. რუსეთის ხელმძღვანელობა პრეზიდენტ ელცინის მეთაურობით, მართალია, ხელისუფლებაში დემოკრატიული ტალღით მოვიდა და განახლებულ რუსეთს წარმოადგენდა, მაგრამ სეპარატისტული ძალების ზეწოლით, ამ უკანასკნელებს 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში  ქართველი მკვიდრი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობისა და ეთნიკური წმენდის უფლება მისცა, გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებების მიუხედავად. ეს იყო აგრესიული სეპარატიზმის გამარჯვება საქართველოში, რომელიც რუსეთის გარკვეული ძალების აქტიური მონაწილეობის გარეშე არ შემდგარა. ამ დროს აზერბაიჯანმა დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%, რომელიც სომხეთის კონტროლქვეშ გადავიდა. სსრკ-ის სამმა სახელმწიფომ - აზერბაიჯანმა, მოლდოვამ და საქართველომ 1991 - 1993 წლებში საკუთარი სახელმწიფოს მნიშვნელოვან ტერიტორიაზე დაკარგეს კონტროლი. საგულისხმოა, რომ აფხაზეთის სეპარატისტებს აქტიურ დახმარებას უწევდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ს. შოიგუ, რომლის სამშობლოში - ხაკასიაში ანტირუსული და სეპარატისტული განწყობა მძვინვარებდა.

რუსეთს სეპარატიზმის მხარდაჭერა ბუმერანგივით მოუბრუნდა ჩეჩნეთში პირველი სამხედრო კამპანიის შემდეგ, სადაც რუსეთმა, ფაქტობრივად, დამარცხება იწვნია. რუსეთში დაირხა ხმები, რომ მისი ხელმძღვანელობა სეპარატისტების ინტერესებზე მაღლა  სახელმწიფოს ინტერესებს აყენებდა.

თუმცა, სახელისუფლებო სტრუქტურებში გაჩენილი, ა. მიგრანიანის მსგავსი სეპარატისტების ლობისტები ჯიუტად ავითარებდნენ ყოფილი კავშირის სახელმწიფოებთან რუსეთის შემდგომი დეზინტეგრაციის ხაზს. მაგალითად, 1995 წელს, საქართველოში არჩევნების დროს ელცინმა მხარი დაუჭირა შევარდნაძეს, მიუხედავად იმისა, რომ მის მოწინააღმდეგე ჯუმბერ პატიაშვილს შეეძლო, გაცილებით მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამყარების საქმეში.

მძიმე ხვედრი ერგო ბელორუსიის პრეზიდენტის - ა. ლუკაშენკოს ინიციატივას, გარკვეული ფორმები მიეცა რუსეთ-ბელორუსიის კავშირისთვის, სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებთან ინტეგრაციის განვითარების მიზნით. ეს ინიციატივა სათავეშივე აღიკვეთა ძალების მიერ, რომლებსაც სათავეში თათრეთის პრეზიდენტი მ. შაიმიევი ედგა. აშკარად გამოიკვეთა პროცესი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა შემდგომ აღმშენებლურ ინტეგრაციულ პროცესს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

შაიმიევის მოღვაწეობა საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის დესტრუქციულობით გამოირჩეოდა. როცა შევარდნაძის მთავრობა ახერხებდა ქვეყნების პოზიციების დაახლოებას (მაგალითად, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე შუმეიკოს ვიზიტი თბილისში, სადაც მან მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას), შაიმიევი და მისი დამქაშები ატორპედებდნენ ამ პროცესებს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს ძალები აშკარად მიესალმებოდნენ შევარდნაძის პოლიტიკის მკვეთრ გადახვევას დასავლეთის მხარეს და მის უკან დახევას აქტიური ნეიტრალიტეტისგან. ეს გამოვლინდა ხელისუფლებაში მ. სააკაშვილის ყოფნის პერიოდშიც, რომელმაც არამცთუ ვერ მოახერხა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა, არამედ დაუფიქრებელი ქმედებებიც ჩაიდინა, რომლებმაც საქართველო 2008 წელს კინაღამ სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან მიიყვანა. საქართველოს მაგალითზე მოსკოვში სეპარატისტულმა ძალებმა მოახერხეს მათთვის საჭირო პრეცედენტის შექმნა - პოსტსაბჭოთა სივრცეში სუვერენული სახელმწიფოს ჩამოშლა.

2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის ჩადენილი ქმედებების კომენტირებისას შევარდნაძემ მას "რუსეთის რღვევის ეტაპის დასაწყისი" უწოდა. 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და ყირიმის მიერთებამ ეჭვიც არ დატოვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ რუსეთის პოლიტიკა დიდ კრიზისს განიცდის. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის პოლიტიკამ აჩვენა, რომ რუსეთის საგარეო უწყების, "რუხ კარდინალ" სურკოვისა და სხვა ძალებისთვის სეპარატისტების ინტერესები უფრო მახლობელია, ვიდრე რუსეთისა. ფაქტია, რომ ამ ძალებმა მოახერხეს განხეთქილების ვაშლის ჩამოგდება რუსეთსა და ტრადიციულად მის მეგობარ სახელმწიფოებს შორის. საქართველოში თითქმის არ ტარდება მუშაობა ამ ძალების გასანეიტრალებლად. მათმა იგნორირებამ კი, შესაძლოა, ახალი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემების წინაშე დააყენოს ჩვენი ქვეყანა მომავალში.

 

 ბადრი ნაჭყებია

პოლიტოლოგ

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

საზღვარგარეთის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი



ბადრი ნაჭყებია

ბოლო სიახლეები