ფადი ასლი საკუთარი წიგნის ''ცხოვრება მორიელებთან'' აქამდე უცნობ თავს აქვეყნებს

7 აგვისტო, 2020 12:09 თვალსაზრისი






"აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავისთვის, ვაქვეყნებ ჩემი წიგნის ''ცხოვრება მორიელებთან'' აქამდე უცნობ თავს, რომელიც ეხება ამ ტრაგიკულ მოვლენას".

ფადი ასლი

საერთასორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის თავმჯდომარე

8 აგვისტოს ომის წინა პერიოდი
2006 წლის შუა პერიოდიდან 2008 წლის ზაფხულამდე საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის გზაზე იდგა; მთავრობამ უკვე დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, აღარ არსებობდა უაზრო კანონმდებლობა და არც ბიზნესს ავიწროებდა ვინმე.
ბიზნეს საზოგადოება დინჯად ვითარდებოდა, კორუფცია და კრიმინალი თითქმის გამქრალიყო, პერსპექტივაში იგეგმებოდა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი და მთავრობას პრივატიზაცია რქებით გაჰქონდა. საქართველო ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების” რეიტინგის მიხედვით, და ინვესტორები ქვეყანაში ჩამოსასვლელად რიგში იდგნენ.
2007 და 2008 წლები საერთაშორისო ფინანსებისათვისაც საუკეთესო პერიოდი იყო. აქციების ბაზარი აყვავდა, ფული მოედინებოდა, ეკონომიკა ყვაოდა და ფინანსების პლანეტა დუღდა და გადადუღდა. ინვესტორებს უჭირდათ არჩევანის გაკეთება, თუ სად ჩაედოთ ფული.
ჩემი საკუთარი ბიზნესი ყვაოდა; გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა და, ყველაფერთან ერთად, “ჯონ დირის” სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის დისტრიბუტორები გავხდით.
2007 წლის შემოდგომა წაახდინა ოპოზიციური პარტიების მიერ დადგმულმა ქუჩის მიტინგებმა, რომლებიც სააკაშვილს აკრიტიკებდნენ კორუმპირებული და ავტორიტარული მთავრობის ხელმძღვანელობისათვის და მოითხოვდნენ მის გადადგომას.
ოპოზიციური პარტიების აჯაფსანდალს აერთიანებდა სააკაშვილისადმი პირადი ზიზღი, მათი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური მიზნების მიუხედავად. ნოემბრის გამოსვლები ქუჩებში საკმაოდ უდროო და უადგილო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა საოცარ ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა. ბიზნესმენები აფართოებდნენ თავიანთ საქმიანობას, ხოლო ასობით და ათასობით უცხოელი ინვესტორი შემოედინებოდა საქართველოში.
კომპანიები უკვე გადაიღალნენ მოვლენების განვითარებით, ყველამ კარგად იცოდა, რომ პროტესტი კონტრპროდუქტული იყო და არანაირ შედეგს არ მოიტანდა; მოგვიანებით შეაფასეს, რომ ამ ყველაფერმა ეკონომიკა მხოლოდ არშემდგარი უცხოური ინვესტიციების სახით ნახევარი მილიარდი დოლარით დააზარალა, რომ არაფერი ვთქვათ მისი განვითარების შენელებაზე.
სააკაშვილი გადადგა და 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. იგი ხელახლა აირჩიეს, მაგრამ ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და აგრძელებდა საპროტესტო გამოსვლებს.
2008 წლის თებერვალში საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭო ეწვია პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს. მან მიგვიყვანა თავის ფანჯარასთან, რომელიც გადაჰყურებდა რუსთაველის გამზირს, სადაც მომიტინგეები პარლამენტის წინ გამოსვლებს აწყობდნენ და გვითხრა: “შეხედეთ! მათ არც კი უნდათ მოსმენა, როგორ შეიძლება დაარწმუნო ის ადამიანები, რომლებიც ყურის გდებასაც არ ცდილობენ?”
მომიტინგეები ქუჩებში მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვდნენ - სააკაშვილის გადადგომას, რაც საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოებისათვის სახარბიელო ქვეყნის, იმიჯს, სერიოზულად ლახავდა.
სავსებით დასაშვებია ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილზე განხორციელებული გაუთავებელი ზეწოლა ერთ-ერთი ფაქტორი იყო იმისა, თუ რატომ გაება პრეზიდენტი რუსეთის მახეში და შეიჭრა სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოს ღამეს. მას, სავარაუდოდ, პოპულარობის გაძლიერება სჭირდებოდა და სამხრეთ ოსეთში წარმატება გმირად გადააქცევდა.
საუდის არაბეთის “რაჯი გრუპი”, უზარმაზარი მრავალმილიარდ დოლარიანი კონგლომერატი 2008 წლის გაზაფხულზე დამიკავშირდა; ის აქტიურად იყო ჩართული უძრავი ქონების განვითარებაში და საქართველოში უნდოდა ბედი ეცადა.
აშშ-ს საელჩოს უკან, მდინარის გასწვრივ, თბილისის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში ირიცხებოდა ულამაზესი, 125 ჰექტრის ოდენობის, მიწა. საოცრად სახარბიელო გარიგება მოვამზადე “რაჯი გრუპის” სახელით. მათ მთელი ქალაქის აშენება სურდათ და ინვესტიციების სრული რაოდენობა ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩემი ნათესავი კარიმ ჯაბური; იგი საქართველოს ეწვია ისმაილ ელ-რაკჯისთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, რათა გასცნობოდა შესაძლო გარიგებას მიწასთან დაკავშირებით და შეეფასებინა სხვა შესაძლებლობები.
თბილისში 24-საათიანი გაჩერების დროს ისინი შეხვდნენ რამდენიმე მაღალ-ჩინოსანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის და პრემიერმინისტრ ლადო გურგენიძის ჩათვლით, რომლებმაც მათ საქართველოს ეკონომიკა არაჩვეულებრივად გააცნეს.
მათ საქართველო ძალიან მოეწონათ და გადაწყვიტეს, განეხორციელებინათ ეს პროექტი.
მთავრობამ “რაჯი გრუპთან” საკონტაქტო პირად პეტრე ცისკარიშვილი დანიშნა; პეტრე პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი იყო. იგი ზედმიწევნით ფლობდა ინგლისურს. ახალგაზრდამ და პრეზენტაბელურმა უცხოელ ინვესტორებზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან მათ წარმოედგინათ, რომ ყველა ქართველი თანამდებობის პირი 60 წელს გადაცილებული უნდა ყოფილიყო და მხოლოდ რუსულად ესაუბრა.
2008 წლის 7 აგვისტოს, შუადღეს, “რაჯი გრუმპმა” ოფიციალური წერილი გამოუგზავნა თბილისის მერს. მათ მიწის შესყიდვის ხელშეკრულების პირობები და პროექტის განვითარების შესაძლებლობები დაადასტურეს.
შვიდი აგვისტოს საღამოს, დაახლოებით რვის ნახევარზე, შარდენის ქუჩაზე საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშეს პიერ გუტონის დაბადების დღეს ვზეიმობდი მეგობრებთან ერთად. ტელეფონზე დამირეკა პეტრე ცისკარიშვილმა და მკითხა:
- სად ბრძანდებით?
- შარდენის 12-ში.
- აუცილებლად უნდა გნახო, მნიშვნელოვანი საქმეა. შეგიძლია 10 წუთში შემხვდე რესტორან “ოვალთან”?
მე დავტოვე მეგობრები და გავემართე “ოვალისაკენ”. პეტრე უკვე იქ დამხვდა, მაგიდასთან, ტერასაზე.
- რა ხდება, ამიგო? - ვიკითხე მე.
- დღეს რაჯი ინვესტიციებზე თანხმობა მივიღეთ.
- ხომ მაგარია? მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, თან მხოლოდ ერთი ჯგუფიდან!
- დიახ, ამიგო, განაცხადა პეტრემ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება: ხომ იცი, როგორი დაძაბულობაა სამხრეთ ოსეთში. უკვე თვეებია რუსები საზღვრის მიმდებარე ქართულ სოფლებს ბომბავენ!
- ვიცი, მაგრამ ეს სულაც არ არის სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი შუა აღმოსავლელი ინვესტორებისათვის. არაბებისათვის ეს ჩვეულებრივი ბიზენსია!
- ამიგო, ვითარება, შესაძლოა, კიდევ უფრო დაიძაბოს. ჩვენს სანდო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსები და ოსები ემზადებიან საქართველოზე თავდასხმისთვის. რამდენიმე დღეში შესაძლოა რუსებთან საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.
- პეტრე, ეს ვერ არის კარგი ამბავი! ასეთი ტიპის ომი ინვესტორებს დააფრთხობს! საზღვარზე ქრონიკულ არასტაბილურობასა და სამხედრო ოპერაციას შორის სერიოზული განსხვავებაა, - ვუთხარი მე.
- ვიცი, მაგრამ დღესდღეობით ომის შესაძლებლობა ძალიან მაღალი გახდა. გთხოვთ, გადაეცი “რაჯი გრუპ”-ს მოთმინება არ დაკარგოს, თუ მდგომარეობა გაუარესდა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სულ მალე მწყობრში ჩადგება, ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოება არ მისცემს საშუალებას რუსებს საქართველო დაიპყრონ ან სერიოზული დესტაბილიზაცია შეიტანონ ქვეყანაში!
ასე დავემშვიდობე პეტრეს და დაბადების დღის წვეულებას დავუბრუნდი. სულაც აღარ მეზეიმებოდა; ეს ცუდი ამბავი იყო და არაჩვეულებრივად ვიცოდი, რომ საერთაშორისო კონფლიქტის გაღვივებასთან ერთად, რაჯი გრუპი აუცილებლად შეიკავებდა თავს და უკან დაიხევდა. მე კი უნდა დავმშვიდობებოდი ამ საქმეში ჩემს წილს.

2008 წლის 8 აგვისტოს დილა
8 აგვისტოს თბილისმა იმ სიახლით გაიღვიძა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთში შეიჭრა. საქართველოს ჯარმა დაიკავა ცხინვალი, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი; თბილისში ყველა ეიფორიაში იყო და ხალხი ერთმანეთს ულოცავდა.
თუმცა, ცოტა ხანში საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავები გამოჩნდა. მათ რამდენიმე ჭურვი ესროლეს თბილისისა და მარნეულის სამიზნეებს და რუსეთის მძიმე სამხედრო პასუხის შესახებ ახალი ამბავი თბილისს სწრაფად მოედო.
რამდენიმე დღის შემდეგ რუსული ჯარი შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ქართული არმია აიძულა გასულიყო სამხრეთ ოსეთიდან თბილისის დასაცავად. ეიფორია სრულ პანიკაში გადაიზარდა!
თბილისელები აწყობდნენ ნივთებს და ქალაქიდან გარბოდნენ, მთავრობის წევრები ოჯახებს სომხეთსა და აზერბაიჯანში აგზავნიდნენ; რეალურად, უამრავი ჩინოსანი გაიქცა ქვეყნიდან.
ლიბანში 15-წლიანი სამოქალაქო ომის პერიოდშიც კი არასდროს მინახავს ასეთი პანიკა; რუსები გორამდე მოვიდნენ და თბილისადან 150 კილომეტრზე გაჩერდნენ, მაგრამ ჩემთვის ამგვარი პანიკა მაინც გაუგებარი იყო.
მე და ია ვცხოვრობდით დიდ დიღომში, თბილისის დასავლეთ მხარეს, საიდანაც უნდა შემოსულიყვნენ რუსები, თუ მათ გეგმაში ჰქონდათ თბილისის დაპყრობა.
ჩვენი კარის მეზობლის მეუღლე, ქართველი ‘ბომონდის’ წარმომადგენელი, ბავშვებთან ერთად აშშ-ს საელჩოს მანქანების სადგომზე გაემართა და მანქანა იქ დააყენა; მას გადაწყვეტილი ჰქონდა მანქანაში დარჩენა იმ ილუზიით, რომ იგი ყველაზე უსაფრთხო ადგილას იქნებოდა, რადგან რუსები აშშ-ს საელჩოს არასდროს დაბომბავდნენ!
მისი მეუღლე, მაღალი და ახოვანი მამაკაცი, საბრძოლოდ აღიჭურვა, ხელი დაავლო თავის “კალაშნიკოვს” და გადაწყვიტა მარტო გაენადგურებინა რუსეთის არმია თავისი ავტომატით; სანამ მათ დიდებულ ვილაში ელოდებოდა, ამ იარაღით მან უნებლიეთ საკუთარი თითში გაისროლა!
5 დღის განმავლობაში, 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, სანამ პრეზიდენტმა სარკოზიმ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ მოამზადა, ხალხი თბილისიდან გარბოდა, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახების ჩათვლით. მე და ია თბილისი მარიოტში ვსადილობდით ყოველ საღამოს და ვხვდებოდით ჟურნალისტებს; ეს შეხვედრები ინფორმაციული და სახალისო იყო და მე ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ ია მშვიდად იყო და არ პანიკობდა, განსხვავებით მისი უამრავი მეგობრისაგან, რომლებიც გამუდმებით ურეკავდნენ მას საზღვარგარეთიდან.

პრესკონფერენცია იგოეთში
რუსებმა ფოთისკენ მიმავალი გზა იგოეთთან გადაკეტეს და ამით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ნებისმიერი ჰუმანიტარული ტვირთის მოძრაობა შეაჩერეს, რომ არაფერი ვთქვათ საქონლის ჩვეულებრივ მოძრაობაზე.
ქართველები მორალურად გატყდნენ და ეშინოდათ, რომ რუსები თბილისისკენ მოძარობას გააგრძელებდნენ.
18 აგვისტოს საგანგებოდ მოვიწვიე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს სხდომა მოვლენათა განვითარების განსახილველად და იმის გადასაწყვეტად, თუ კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა სავაჭრო პალატას, გარდა იმ წერილისა, რომელიც ჩვენ მივწერეთ პან გი მუნს რამდენიმე დღით ადრე და რომელიც გადავეცი გაეროს ადგილობრივ წარმომადგენელ რობერტ უოტკინსს.
ვიცოდი რა, თუ როგორი სასოწარკვეთილი იყო მოსახლეობა, საბჭოს წევრებს შევთავაზე, წავსულიყავით საქართველოს ბოლო გამშვებ პუნქტთან იგოეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზასთან, და პრესკონფერენცია ჩაგვეტარებინა იქ.

სრულიად გასაგები იყო, რომ ჩვენი საბჭოს წევრების უმეტესობამ უარი განაცხადა წამოსვლაზე, ვინადიან, მათი თქმით, სიტუაცია ძალიან ცვალებადი იყო და შესაძლოა, მოვეკალით კიდევაც; ბოლოს და ბოლოს, ორი მათგანი, ნიკა ღვინაძე და ჰალიმ დაუ, დათანხმდნენ, რომ გამომყოლოდნენ დიმასთან ერთად, რომელიც იყო საერთაშორისო სამრეწველო პალატის წევრი.
ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი რუსიკოც შემოგვიერთდა; შევთანხმდით, რომ გავემგზავრებოდით ჩემი პირადი და საესკორტო მანქანებით საქართველოს ბოლო გამშვებ პუნქტთან, სადაც შეკრებილიყვნენ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები.
ჩემს მანქანას იურა მართავდა და შიგნით ვისხედით მე, ჩემი განუყრელი მეგობარი დათო და ჰალიმი; ჩემს დაცვის წევრ შმაგის საესკორტო მანქანით მოჰყავდა ნიკა, რუსიკო და დიმა.
იგოეთამდე გზად არც ერთი მანქანა არ შეგვხვედრია. როგორც იქნა, მივაღწიეთ ბოლო ქართულ საჯარისო გამშვებ პუნქტს.
როდესაც მანქანებიდან გადმოვედით, ტელეჟურნალისტები ინტერვიუსთვის მოგვეხვივნენ; თან მქონდა ამობეჭდილი პრეს-რელიზი, რომელიც ხმამაღლა წავიკითხე. განვაცხადე, რომ ვგმობდით რუსეთის შეტევებს და თავდასხმას საქართველოზე, დავადასტურე, რომ როგორც ქართული, ისე უცხოური ბიზნესი არ იყო დაშინებული და რომ ჩვენ ყველანი, მზად ვიყავით, გაგვეგრძელებინა აქტიური საქმიანობა, მიუხედავად ყველაფრისა.
როდესაც პრესრელიზის კითხვა დავასრულე, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა:

მკითხა:
- ახლა, რას აპირებთ?
- ახლა? წავალ რუსების პოსტთან და ამ პრესრელიზს პასუხისმგებელ პირს გადავცემ!
- რუსების პოსტთან ვერავინ მიდის, თქვა მან.
- ხოდა, მაშინ, პირველი ვიქნები.
გადავხედე ჩემს პარტნიორებს და ვუთხარი: რუსების პოსტისაკენ!
რუსიკო შემეკითხა:
- ხომ არ გეწყინებათ, მე რომ არ წამოვიდე? ნამდვილად ძალიან მეშინია!
- არ არის პრობლემა, რუსიკო - ვუთხარი მე, - დარჩი აქ და უკან რომ დავბრუნდებით, ჩაგისვავთ!
ძალიან კარგად მესმოდა, რა საფრთხის წინაშეც ვიყავი და არ მინდოდა რომელიმე კოლეგაზე ზეწოლა მომეხდინა და ძალით წამეყვანა; ბოლოს, მე, ნიკა, დათო და ჰალიმი ჩავსხედით მანქანში და იურამ რუსების პოსტისკენ წაგვიყვანა.
ჰალიმმა განაცხადა:
- ნახეთ, ნახეთ. უკან მიიხედეთ!
უკან მოვიხედე და დავინახე მანქანების მთელი ესკორტი სავსე ჟურნალისტებით, რომლებიც მოგვყვებოდნენ ტელე-კამერებით და ფანჯრიდან იღებდნენ ყველაფერს; რუსებისკენ მიმავალი რომ დაგვინახეს, იმედი მიეცათ და არ უნდოდათ ხელიდან გაეშვათ ასეთი ახალი ამბები.
სრულიად უკაცრიელ გზაზე დაახლოებით 2 კილომეტრი ვიარეთ. ირგვლივ უძრაობა გამეფებულიყო; ჰაერიც კი არ იძვროდა. არანაირი ხმა, არანაირი ჩიტების ჭიკჭიკი . . . ყველაფერი სიჩუმესა და დროში გაყინულიყო.
მოსახვევის შემდეგ წინ ქვიშის ტომრების უზარმაზარი ბარიკადები შეგვხვდა; მათ უკან ვხედავდით რამდენიმე ჩაფხუტს და ჩვენზე მომართულ ავტომატს.
მანქანა გავაჩერეთ და დათოსთან ერთად გადმოვედით. ის რუსულის თარგმანში უნდა დამხმარებოდა; ამასობაში უკან პრესის რამდენიმე მანქანა მოგვადგა.
- თქვენს უფროსთან მინდა ლაპარაკი - ვთქვი მე, - დათო კი თარგმნიდა.
ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ბარიკადები დატოვა და კედლის მიღმა გაუჩინარდა; რამდენიმე წუთში გამოჩნდა ოფიცერი.
სურეალისტურ სიტუაციას ჰგავდა! ნახევრად დამალული ჯარისკაცები, სასროლად გამზადებული ავტომატები ჩემსა და დათოსკენ იყო მომართული. ჩვენ კრემისფერ კოსტუმებსა და მუქი ფერის ჰალსტუხებში გამოწყობილნი მხოლოდ AA4 ფორმატის ქაღალდებით ვიყავით შეიარაღებულნი.
- ამ პოსტზე თქვენ ხართ უფროსი? – ვიკითხე მე.
- დიახ, რუსულად მომიგო ჯარისკაცმა.
- მე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ვარ. ესენი კი ჩემი საბჭოს წევრები არიან. აქ იმიტომ ვართ, რომ გადმოგცეთ ჩვენი პრესრელიზის ერთი ასლი, რომელიც საჯაროდ გავავრცელეთ სულ რამდენიმე წუთის წინ.
დათომ გადათარგმნა.

როდესაც თარგმანი დასრულდა, მე მას გადავეცი პრესრელიზი, რომელსაც იგი გაყინული თევზის თვალებით დააშტერდა.
- არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებს თქვენი ჯარი. იგი ვერასდროს შეძლებს ქართველების სულის გატეხვას და არ ააღებინებს ხელს უცხოელ ბიზნესმენებს, თავი შეიკავონ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისგან.
დათომ გადათარგმნა, ტელეკამერები ყველაფერს იღებდნენ.
- საქართველოში არავის უხარია თქვენი ყოფნა, ვთქვი მე.
ოფიცერმა მოუსმინა დათოს და თვალიც კი არ დაახამხამა.
- თბილისში შეხვედრამდე მოსკოვში შევხვდებით, - ვთქვი მე.
დათოს სიტყვების შემდეგ ოფიცერს მაინც არ ჰქონია რეაქცია.
მოვტრიალდი და ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავჯექი მანქანაში; ისევ არანაირი რეაქცია, არც იარაღის ჩახმახის ხმა.
ოფიცერს ალბათ ეგონა, რომ ჩვენ სრულიად შეშლილები ვიყავით და არ იცოდა, როგორი რეაგირება მოეხდინა– სამხედრო აკადემიაში მათ ასეთი საკითხი არც კი გაუვლიათ.
თბილისში დავბრუნდით. ჩვენი შეხვედრა რუსებთან რამდენიმე დღის განმავლობაში 24 საათის რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემოდა; ეს კარგი იყო იყო განწყობის გასაუმჯობესებლად მათთვის, ვისაც რუსები ზებუნებრივ ურჩხულად წარმოედგინათ.
ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მოვლენა ის იყო, რომ როდესაც 8 აგვისტოს ომი დაიწყო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს გამუდმებული გამოსვლები ქუჩებში და სოლიდარობის ნიშნად, შეწყვიტეს მთავრობის კრიტიკა.
ეს სანაქებო და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც გააძლიერა მოსახლეობის სოლიდარობა. ჩემთვის, როგორც ლიბანში დაბადებული და აღზრდილი ადამიანისთვის, სადაც ყველამ ერთ ან მეორე უცხოურ ქვეყანას ერთგულება აღუთქვა, ეს პატრიოტიზმის საოცარი გაკვეთილი იყო.


წყარო


ბოლო სიახლეები