კულინარის ბლოგი - წიწაკა ზეთში ნიახურითა და ნივრით

16 სექტემბერი, 2019 22:51 კულინარის ბლოგი




                    წიწაკა ზეთში ნიახურითა და ნივრით


მასალა:

5 კგ გრძელი წიწაკა

1 დიდი კონა ოხრახუში

1 დიდი კონა ნიახური

1,2 ლ. ზეთი

250 გრ. ნიორი

1 ჩაის ჭიქა მარილი

1 ჩაის ჭიქა შაქარი

1 ჩაის ჭიქა ძმარი



მომზადება:

წიწაკა შეიძინეთ და 2-3 დღით გაშლილად გააჩერეთ, რომ ოდნავ მორბილდეს. ნაყოფი გარეცხეთ, გააშრეთ და ყუნწები ისე წააჭერით, რომ თავი არ გადაეხსნას. თითოეული შუაში ხის ჩხირით გახვრიტეთ (წიწაკის დამუშავებისას ხელთათმანის ხმარებას გირჩევთ - თუ ცხარეა, ხელებს აგიწვავთ).

ერთმანეთში შეურიეთ ზეთი, მარილი, შაქარი, ძმარი და მიღებული ნარევი წამოადუღეთ. მომზადებული წიწაკა რამდენიმე ჯერად მდუღარე სითხეში ჩაყარეთ (პერიოდულად ურიეთ) და ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეთ, რომ აღარც უმი იყოს, მაგრამ არც გადაიხარშოს. ამოიღეთ ქაფქირით და მოათავსეთ თუშფალანგზე. ქვემოდან ჯამი დაუდგით და შიგ ჩაწურული ზეთი კვლავ ადუღებულ სითხეს ჩაუმატეთ.

ცალკე დაჭერით მწვანილი და ნიორი, ფენა-ფენა მოაყარეთ გამზადებულ წიწაკას და ეს ყველაფერი ერთად წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.

ცხელ-ცხელი მასა მოათავსეთ კარგად გარეცხილ და მდუღარეგამოვლებულ შუშის ქილებში, პირთამდე შეავსეთ მორჩენილი ზეთით და ასევე მდუღარეგადავლებული ხრახნიანი თავსახურები დაახურეთ. სტერილიზაცია საჭირო არ არის. ვისაც ზედმეტი სიფრთხილე უყვარს, შეგიძლიათ ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) აბები დანაყოთ (1 კილოგრამ წიწაკაზე 1 აბი), გახსნათ რამდენიმე კოვზ ზეთში, რომელიც წიწაკის მოშუშვის შემდეგ დაგრჩებათ, უკვე ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ მოასხათ წიწაკის მასას და მხოლოდ შემდეგ მოათავსოთ ქილებში. 


P. S. ეს რეცეპტი ძალიან გემრიელი გამოდის როგორც მწვანე, ისე წითელი ბულგარული წიწაკითაც. ოღონდ მას ზეთიან სითხეში მოშუშვისას აუცილებლად დაუმატეთ სურნელოვანი პილპილის რამდენიმე მარცვალი.

თუ გრძელი წიწაკა ცხარე არ გამოგადგათ, არადა ასეთის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ, ზეთში მოშუშვისას რგოლებად დაჭრილი წითელი წიწაკა ჩაამატოთ - კერძი ცხარეც გამოვა და ლამაზიც. თუ გრძელ წიწაკას, მწვანე და წითელ ბულგარულს ერთად შეურევთ, სულ სხვა გემოსა და შეფერილობის კერძს მიიღებთ. მოკლედ, რეცეპტი კლასიკურია და თქვენი ფანზატიის წყალობით სხვადასხვა კერძის შექმნა შეგიძლიათ.

(რაც მთავარია: კერძის გემო მომზადებისთანავე ვერ მოგხიბლავთ და არ შეშინდეთ: სულ ცოტა, ორი კვირა მაინცაა საჭირო, რომ გემო და სურნელი ერთმანეთს შეერწყას და ქილის გახსნა დღესასწაულად გექცეთ...)

გემრიელად მიირთვით...

კულინარია

ბოლო სიახლეები