ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩის სახალხო-პოლიტიკური კონსულტაციური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჰუალინგ ჯგუფის პრეზიდენტს, მი ენჰუას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქალაქს შორის ჯანდაცვის, სპორტისა და განათლების მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. მი ენჰუამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაინტერესებულია აჭარის რეგიონში ჩაის წარმოებითა და მისი ჩინეთში ექსპორტით.
ჰუალინგ ჯგუფის დირექტორმა ბათუმის მერი ევრაზიის ფორუმზე მიიწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. შეხვედრის ბოლოს კი, სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ლელა სურმანიძე და სოფიო ხალვაში, ქალაქ ურუმჩის დელეგაცია და ჰუალინგ ჯგუფის წარმომადგენლობა. ბათუმსა და ურუმჩს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი მოეწერა 2015 წლის 15 ოქტომბერს.