არც ღვინის სასარგებლო
თვისებებზე მოვყვებით ახლა საუბარს, არც მის უძველეს წარმომავლობაზე. პირდაპირ
საქმეზე გადავალთ: - როგორ მოვიქცეთ, რომ ეს საკრალური სასმელი ყველა ოჯახში
აღმოჩნდეს, თანაც - საკუთარი ხელით დაწურული. სოფლისა და ვენახის პატრონთათვის ამ
ჩანაწერის კითხვა უადგილოც კია. მთავარია, ქალაქში, მრავალსართულიან კორპუსში
მცხოვრებმა ადამიანმა მოახერხოს ეს. თუ ძალიან მოინდომებთ, შეუძლებელი საქმე ეს
ნამდვილად არ არის. ცისტერნებით ღვინის დაწურვა ასეთ პირობებში ნამდვილად არ
გამოვა, მაგრამ მთავარი ხომ რაოდენობა კი არა, ხარისხი, შთაბეჭდილებები და ოჯახური
ზეიმის მოწყობაა... შეგიძლიათ 10-20 კილოგრამი ყურძნითაც კი მოსინჯოთ.
ყურძნის შეძენამდე იზრუნეთ დიდი ზომის ჭურჭელზე,
სადაც დაწურულ ყურძენს ჩაასხამთ დასაღვინებლად. ღვინოს რკინა არ უყვარს. კარგი
იქნება, თუ ჭურჭელი თიხის, მინის ან ხის იქნება, თუ არა და საკვები
პროდუქტებისთვის განკუთვნილი პლასტმასიც გამოდგება. მოიმარაგეთ რეზინის
ხელთათმანებიც.
ვენახი არ გვაქვს. შესაბამისად, არც ყურძენი.
მის შეძენას ჩვეულებრივ აგრარულ ბაზარში არ გირჩევთ: ყოველ სეზონზე თბილისში
რამდენიმე ადგილას ყურძნის ბაზრობა მოქმედებს, რომელიც ყოველდღე მუშაობს. ფასები
იქ უფრო მისაღებია. წინასწარ გადაწყვიტეთ, დაახლოებით როგორი ღვინის დაწურვა
გსურთ: თეთრის, წითლის, მშრალის თუ ნახევრადტკბილის. ყურძენიც ამის მიხედვით
შეარჩიეთ. მინიმალური პარტია 20-25 კილოგრამი მაინც უნდა იყოს - აქ ასეთი წესი
აქვთ.
გაამზადეთ მოზრდილი ჯამი (არა რკინის!), სადაც
პატარ-პატარა პორციებად ჩაჭყლეტთ ყურძენს (არ რეცხავთ!) და
წვენიან-ღეროიან-წიპწიანად შემდეგ დიდ ჭურჭელში - ვედროსა თუ კასრში მოაგროვებთ.
ყველაზე მთავარი კომპონენტი, რომლის გარეშეც ამ
ყველაფრის წამოწყება არც ღირს - ღვინო აუცილებლად საუკეთესო ხასიათზე მყოფმა უნდა
დაწუროთ! მოწუწუნე და ბუზღუნა ადამიანები ახლოს არ გაიკაროთ. აქციეთ ეს პროცესი
ოჯახურ დღესასწაულად და არ ინანებთ: აანთეთ სანთლები (ოღონდ არა სურნელოვანი, რომ
ყურძნის არომატი არ გადაიფაროს), ჩართეთ საქმეში პატარები. თან მოუყევით, როგორ
ღვინოს წურავდნენ მათი ბაბუები, ან სხვა საინტერესო ისტორიები უამბეთ მათ. ჩართეთ
ფონად "მრავალჟამიერი" ან მუსიკა, რომელიც ამაღლებულ განწყობილებაზე
გადაგიყვანთ. შეგიძლიათ, ბავშვებს შესთავაზოთ, ეტიკეტები დახატონ მომავალი ღვინის
ბოთლებისთვის - მიეცით ფანტაზიას გასაქანი და ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ!..
შეგიძლიათ, წინა წლის ღვინით სავსე ჭიქით შეხვდეთ ახლის დაბადებას - ეს სიმბოლურიც
იქნება და კიდევ უკეთეს ხასიათზე დაგაყენებთ.
დავუბრუნდეთ დიდ ჭურჭელში ჩაჭყლეტილ ყურძენს.
სულ ეს იყო - დასაწური დაიწურა. ყველაზე მარტივი საქმე მოვითავეთ. მთავარია, ახლა
ეს მასა ღირსეულად მივიყვანოთ იქამდე, სანამ ბოთლებში მივუჩენთ ბინას. ჭურჭელს
თავსახური დააფარეთ (არა ჰერმეტულად!). ბოლომდე არ გაავსოთ - დაუტოვეთ ადგილი
დუღილისთვის. იზრუნეთ, რომ ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსს არ ჩამოსცდეს და 30
გრადუსს არ გადააჭარბოს, რათა დუღილის პროცესმა თანაბრად და მშვიდობიანად ჩაიაროს.
ოპტიმალური ტემპერატურა 23 გრადუსია. დილა-საღამოს ან უფრო ხშირად ხის ჯოხით
ამოურიეთ ყურძნის მასას - ზედა ფენა არ უნდა გამოშრეს. ადგილი, სადაც ეს პროცესი
მიმდინარეობს, კარგად უნდა ნიავდებოდეს.
ღვინის დუღილი მეორე-მესამე დღეს იწყება -
გააჩნია, რამდენად თბილა თქვენთან. დაწურვიდან დაახლოებით ორ კვირაში (შეიძლება
ცოტა ადრეც) გაუსინჯეთ გემო. სითხე ტკბილი აღარ უნდა იყოს და "ღვინოობა"
უნდა ეტყობოდეს. გადაწურეთ და შეინახეთ მინის ჭურჭელში. აუცილებლად პირთამდე
აავსეთ, თორემ ამჟავდება. ახლა უკვე სიგრილე მოუხდება თქვენს ღვინოს. როგორც კი
ფსკერზე ლექს მოიგდებს, გადაწურეთ სხვა ჭურჭელში. ასე მოიქეცით რამდენჯერმე.
საახალწლოდ უკვე მიიღებთ გამჭვირვალე, სურნელოვან სასმელს, რომელიც
ყოველდღიურობასაც გაგილამაზებთ და დღესასწაულებსაც. საბოლოო პროდუქტი სასურველია
მინის ბოთლებში ჩამოასხათ, პირთამდე ავსებულ ჭურჭელს მჭიდროდ დაახუროთ და გრილ
ადგილას შეინახოთ.
მორჩენილ ჭაჭას შეგიძლიათ
მეორე სიცოცხლე აჩუქოთ და, როგორც დასავლეთ საქართველოში ამბობენ, "სახარჯო
ღვინო" დააყენოთ (ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჭეშმარიტ ღვინოდ მხოლოდ უშაქროსა
და უწყლოს ვაღიარებთ და ეს ვარიანტი მხოლოდ "რიგითი ალკოჰოლური სასმელის
ერთ-ერთი ნაირსახეობის" მომზადების მცდელობაა, ნარჩენი რომ უქმად არ მოცდეს).
ამისათვის მოამზადეთ შაქრიანი წყალი პროპორციით 1 კგ 4 ლიტრზე. სავარაუდოდ, 20
კილოგრამი ყურძნის ჭაჭას 4 კგ შაქარი და 16 ლიტრი წყალი დასჭირდება. კარგად
გახსენით და დაასხით ჭაჭას. მიღებულ სითხეს ისევ ისე მოექეცით, როგორც
ახლადდაწურულ ყურძენს. შეგიძლიათ, ნებისმიერი რაოდენობის ახალი ყურძენიც
ჩააჭყლიტოთ შიგ, თუნდაც რამდენიმე მტევანი. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, როდესაც
ღვინოს გადაწურავთ და ჭაჭა დაგრჩებათ, კარგად დაპრესეთ ეს მასა და ჰერმეტულად
მოგუდეთ პოლიეთილენის პარკში ან რაიმე ჭურჭელში (გარდა რკინისა). თუ თავად ვერსად
ხდით არაყს, იმ ადამიანს მაინც მისცემთ, ვინც ამას აკეთებს და დიდად გაახარებთ.
ზემოაღწერილი წესი ზოგადია. სხვადასხვა ჯიშის
ყურძენს, შესაძლოა, ოდნავ მეტი ან ნაკლები დრო სჭირდებოდეს დუღილისთვის.
გამოკითხეთ ამ საქმეში გამოცდილი ხალხი, დაიხმარეთ სპეციალური ლიტერატურა. რაც
მთავარია, ამ პროცესში უამრავ პრაქტიკულ ნიუანსს ისწავლით, რაც მომავალში საქმეს
კიდევ უფრო გაგიადვილებთ.
სულ ეს იყო. ახლა კი ჩანაწერის სათაურს
ვუპასუხებთ: რასაკვირველია, ღირს! ზოგი იტყვის, სახლი აირევა და ყველაფერი
მოისვრებაო. კი ბატონო, ამის გარეშე არ გამოვა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ბავშვმა
იცელქა. სპეციფიკური სუნიც დადგება, მაგრამ განიავდება. დასაღვინებლად ჭურჭელი
სათავსოში ან ისეთ ოთახში მოათავსეთ, სადაც შედარებით იშვიათად შედიხართ. შეიძლება
აივანზეც. მთავარია, ღვინოს არც შესცივდეს და არც დასცხეს. სამაგიეროდ, სულ მალე
დადგება დრო და საოცრად იამაყებთ თ ქ ვ ე
ნ ი ღვინით... ყურძნის დაწურვის
ცერემონიალს კი ყოველწლიურად ოჯახური ტრადიციული დღესასწაულივით გულისფანცქალით
დაელოდებით... - მერე რა, რომ ქალაქია!
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"