დუბლინის ლორდ-მერი: ირლანდიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვს

10 ოქტომბერი, 2019 10:46 პოლიტიკა




ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ახალ ლორდ-მერს, პოლ მაკ ოლიფს შეხვდა
საქართველოს ელჩმა პოლ მაკ ოლიფს მიულოცა დუბლინის ლორდ-მერის თანამდებობაზე არჩევა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირლანდიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვს და წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. დუბლინის ლორდ-მერმა დაადასტურა საქართველოს მხარესთან მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისათვის მზადყოფნა.
აღსანიშნავია, რომ თბილისი და დუბლინი 2014 წელს დამეგობრდნენ, როდესაც თბილისის მერის დუბლინში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პარტნიორული ურთიერთობები თბილისსა და დუბლინს შორის შემდგომში უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის თანაორგანიზებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა.
გიორგი ზურაბაშვილმა პოლ მაკ ოლიფი, როგორც თბილისთან დამეგობრებული ქალაქის მერი, თბილისში მოიწვია ვიზიტით.

ირლანდია

ბოლო სიახლეები