ლევან იზორიამ ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალს უმასპინძლა

4 ივლისი, 2019 17:04 სამხედრო თემა


ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კოლინ კილრეინი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

ლევან იზორიამ სტუმარს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და გატარებული რეფორმების მიღწეული შედეგი გააცნო. მხარეებს შორის საუბარი საქართველოს და ნატოს სპეციალურ ოპერაციების ძალებს შორის არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თემასაც შეეხო. თავდაცვის მინისტრმა სტუმარს საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების პროცესში, ასევე ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

დღესვე, ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასაც შეხვდა.

ვიცე-ადმირალი კოლინ კილრეინი სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის პოზიციაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დასრულებს.

ნატო

ბოლო სიახლეები