სეტყვისგან მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ

6 ივლისი, 2019 13:01 ეკონომიკა & ბიზნესი

შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.

დაზიანების შესახებ შემოსულია 700-ზე მეტი შეტყობინება. ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის გუბერნიის და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსანდრე ვალიშვილს  შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მკვიდრს, ალექსანდრე ვალიშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა სამი ნაკვეთი და გაუნადგურდა მოსავლის 98%, 100% და 95%.

კომპანია „ალდაგი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 13,609.60 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 0.79 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 372.22 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 12,466 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 6,904 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,884,023 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 12,212 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 110,738,197 ლარია.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


ბოლო სიახლეები