მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

9 ივლისი, 2020 13:12 ეკონომიკა & ბიზნესი



პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მოახლოებულ რთველის სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშებზე, როგორიც არის „რქაწითელი” და „კახური მწვანე“, რომლის ფასიც 0.80 ლარზე ნაკლები არ იქნება.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დავალებაც მიღებული აქვს.

„თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყურძენზე - „რქაწითელზე” და „კახურ მწვანეზე“ მინიმალური ფასი იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე სწორედ სოფელი, ფერმერი და ქართველი გლეხია.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, ქართული მეღვინეობა ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით იყო 2.5 პროცენტი, დღეის მონაცემებით ეს არის 6 პროცენტი. ეს არის დარგის განვითარებისა და ზრდის ძალიან სერიოზული დინამიკა. ამიტომ, შეუძლებელი იყო, ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები