ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა რესოციალიზაციის პროგრამის III ეტაპი მიმდინარეობს

7 ივლისი, 2019 15:17 სამხედრო თემა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს, ესტონეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი, უკრაინელი და ესტონელი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის III ეტაპი მიმდინარეობს. კავკასიურ სივრცეში უპრეცენდენტო პროექტი უნიკალური ნაქალაქარის (ძვ.წ.აღ. IX-ახ.წ.აღ. VIIსს.) ტერიტორიაზე, ექიმების მეთვალყურეობით, ვეტერანი სამხედროების ისტორიული ნაქალაქარის ქართულ-ინგლისურ არქეოლოგიურ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობას გულისხმობს. სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები ჩართულები არიან როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში. არქეოლოგიური კვლევა ძიების 1 თვიან პროცესში უკვე მონაწილეობს 4 ქართველი და 4 უკრაინელი ვეტერანი სამხედრო პირი. რამდენიმე დღეში საერთაშორისო ექსპედიციას როტაციის პრინციპით ქართველი და ესტონელი ჯარისკაცების ჯგუფი შეუერთდება. ანალოგიური პროგრამა ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსზე გასულ 2 წელსაც განხორციელდა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვინჩესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამაზე მოსწავლე სამი ბრიტანელი ვეტერანი ჯარისკაციც მონაწილეობდა. საბრძოლო მოქმედებებისას მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების შესამსუბუქებლად, ნოქალაქევის ქართულ - ინგლისურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში ისინი ვიცე-პოლკოვნიკ და არქეოლოგ ჯაილს ვუდჰაუზისა და არქეოლოგიის დოქტორის პოლ ევერილის ორგანიზებით მოხვდნენ. პოლ ევერილი თავის მხრივ ნოქალქევის ექსპედიციის თანახელმძღვანელია, ხოლო ექსპედიციას დოქტორი ნიკოლოზ მურღულია უძღვება. ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების პროცესი დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითმა ჯგუფმა მოინახულა, რომლებმაც ექსპედიციის მონაწილენი სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრეს. * ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით, მიმდინარე წელს ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს. ამ ტიპის თანამონაწილეობასთან ერთად, მემორანდუმი სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმ ნაკრძალებსა და მუზეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საფასურის გარეშე მომსახურებით სარგებლობასაც მოიცავს. * ნოქალაქევის ნაქალაქარი IV - VI სს არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც 3 ნაწილიან მთის კონტურზე ნაწილდება ქვედა ტერასის, ფერდობისა და ციტადელის სახით. კომპლექსი ძვ. წ. აღ -ის II ათასწლეულიდან მოყოლებულ ყველა ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს. ნაქალაქარის ელინისტური ხანის კულტურული ფენები ქვედა ტერასის აღმოსავლეთ სექტორშია კონცენტრირებული. 1973 წლიდან დაწყებული არქეოლოგიური ექსპედიციებისას მიკვლეულია ერისთავი ქუჯის სამაროვანი, სადაც 500 მდე სამარხია გათხრილი და შესწავლილი. ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის სამეცნიერო კვლევა ძიების პროცესი 2001 წლიდან საერთაშორისო გახდა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო გაერთიანებები არიან ჩართულნი. ამ დროიდან შეცვლილია არქეოლოგიური გათხრების საბჭოური მეთოდოლოგია, რომელიც ბრიტანულმა ჩაანაცვლა.

ნატო

ბოლო სიახლეები