🐝 პარატიფი ანუ გაფნიოზი მოზრდილი ფუტკრის ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია Bact. Habnia alvei (Bact. Paratyphi alvei), რომელიც ძირითადად ფართოდაა გავრცელებული მეცხოველეობის ფერმებთან ახლოს დატბორილ წყალში, წყლის გუბურებში, საქონლის ნაფეხურში ჩამდგარ წყალში, სადაც წუნწუხის სახით ჩაედინება დაავადებულ ცხოველთა შარდთან და განავალთან ერთად გამოყოფილი მიკროორგანიზმები. ბაქტერიების შეჭრის გზა ალიმენტარულია.
🐝 დაავადება სპორადიული ხასიათისაა და აღინიშნება მაშინ, როცა განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობებია: ბუდეში მანანა და გადაუბეჭდავი თაფლის არსებობა; წვიმიანი და ცივი ამინდები; სკაში მაღალი ტენიანობა; მესაქონლეობის დიდ ფერმებთან ახლოს საფუტკრეების განლაგება და სხვ. როგორც კი თავიდან იქნება აცილებული ზემოაღნიშნული ფაქტორები, დაავადება თავისით ქრება. დაავადება მიმდინარეობს ზამთრის ბოლოს და გაზაფხულზე.
🐝 კლინიკური ნიშნები: დაავადებული ფუტკარი უხალისო და უსიცოცხლოა, ზამთრის ბოლოს ფუტკარი მოუსვენრობს, ხმაურობს, ფრთებს აკანკალებს, სკის ძირზე და საფრენ ფიცარზე მუცელგაბერილი ფუტკრები, სუსტი სუნთქვითი მოძრაობით და ზოგჯერ გამოხატული კიდურების დამბლით. კუჭის გასაწმენდად ფუტკარი არაჯგუფურად გამოფრინდება, გაზაფხულზე პარატიფის დროს, სეპტიცემიისაგან განსხავებით, ფუტკარი გამოჰყოფს წელვად, ნახევრად თხიერ, ყავისფერ განავალს, აღინიშნება ფაღარათი. ჩარჩოები დასვრილია წებოვანი და თხიერი ექსკრემენტებით. გადარჩენილი ოჯახები ჩამორჩებიან განვითარებაში.
🐝 პარატიფის გავრცელების ძირითადი წყარო დაავადებული ფუტკრები, მათ მიერ ფეკალური მასით გადავსებული ფიჭის უჯრედები და დასვრილი ჩარჩოებია, ყველაზე მეტად კი დაავადებას ავრცელებს ფუტკრის მეპატრონე, რომელიც არღვევს ფუტკრის მოვლა პატრონობის წესებს და არ იცავს ელემენტარულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს საფუტკრეში.
🐝 დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებითა და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.
🐝 პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიეკუთვნება ზამთრისათვის სამარაგოდ კარგი ხარისხის, გადაბეჭდილ თაფლიანი ფიჭების დატოვება, ფუტკრის მოთავება მშრალ ადგილზე, სუფთა სკებში, შევიწროვებულ და კარგად დათბუნებულ ბუდეზე, სკაში ტენიანობის მომატების და ზამთარში ფუტკრის ძლიერი გაღიზიანების თავიდან
აცილება.
⚠️ პარატიფით დაავადებული ფუტკრის ოჯახიდან მიღებული თაფლის გამოყენება ფუტკრის საკვებად და ფიჭების მოძრაობა ერთი ოჯახიდან მეორეში ჩადგმით დაუშვებელია. სასაქონლო თაფლის რეალიზაცია დასაშვებია მისი შენახვიდან 3 თვის შემდეგ.
🐝 დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებები: სტრეპტომიცინი, ბიომიცინი და სხვა პრეპარატები თანმხლები ინსტრუქციის შესაბამისად.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"