როგორ ვებრძოლოთ კალიებს

31 აგვისტო, 2020 23:50 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





🦗 საქართველოში მეტი უარყოფითი მოქმედებით გამოირჩევიან აზიური (გადამფრენი), მაროკოული, იტალიური და ეგვიპტური კალიები.
🦗 კალია ფართო პოლიფაგია და ძალიან აზიანებს მარცვლოვან, ტექნიკურ, ბოსტნეულ-ბაღჩეულ და მრავალწლოვან კულტურებს, აგრეთვე სარეველა ბალახებს. მავნებელი იკვებება მცენარის მწვანე ნაწილებით და ხშირად ახალგაზრდა ნათესებს ან ნარგავებს მთლიანად ანადგურებს. ასეთი შემთხვევა ახლო წარსულში აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში აღინიშნა, სადაც კალიამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასოფლო-სამეურნეო კულტურები და სათიბ-საძოვრები.
🦗 აზიურ ანუ გადამფრენ კალიას ზედა ფრთები გრძელი აქვს (33-54 მმ), მრავალი მურა ფერის ლაქით. უკანა ფრთები გამჭვირვალეა ოდნავ მომწვანო ელფერით, ფუძესთან ზრდასრული საერთო შეფერვა მურა ან მწვანეა. კალია ჯოგური სახეობაა.
🦗 მაროკოული კალია ქარცი-მოყვითალო ფერისაა, ზედა ფრთები გრძელია და სცილდება მუცლის ბოლოს (18-36 მმ), უკანა ფრთები გამჭვირვალეა, თითქოს უფერო. ესეც ჯოგური სახეობაა.
🦗 იტალიური კალია მურა ქარცი ფერისაა ან ნაცრისფერი, ზედა ფრთები კარგადაა განვითარებული, აქვს შავი ლაქები. უკანა ფრთები კიდეებზე უფერულია, ხოლო დანარჩენი ნაწილი ვარდისფერია. კალია ჯოგურ და არაჯოგურს შორის გარდამავალი სახეობაა.
🦗 ეგვიპტური კალია რუხი მურაფერისაა, ზედა ფრთებზე შავი წვრილი ლაქები აქვს. უკანა ფრთები უფეროა, განიერი, მურა განივი ზოლით, რომელიც არ აღწევს კიდეებს. კალია არაჯოგური სახეობაა.
🦗 აზიური ანუ გადამფრენი კალია ჩვენში კასპიის ზღვის სანაპიროდან დროდადრო შემოფრინდება. ის ერთეულების სახით აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. მაროკული და იტალიური კალია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, ეგვიპტური კი - დასავლეთ საქართველოში გვხვდება.
🦗 კალიებს ერთწლიანი გენერაცია აქვთ. ისინი ძირითადად კვერცხების პარკუჭანების სახით ნიადაგში, რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეზე ზამთრობენ. ეგვიპტური კალია იმაგოს და ზრდასრული მატლის ფაზაში ზამთრობს.
კვერცხებიდან კალიების გამოჩეკა აპრილში იწყება და რამდენიმე კვირას გრძელდება. მატლები კანს 4-5-ჯერ იცლიან. ისინი ამ დროს მცენარეზე თავით ქვევით არიან დაკიდებული და სიმძიმის ძალით ძვრებიან კანიდან. მატლის განვითარება 30-50 დღე გრძელდება.
ზრდასრული კალია სქესობრივად 5-10 დღის შემდეგ მწიფდება, შემდეგ იწყებს პეპლაობას და ნიადაგში კვერცხის დებას. პარკუჭანაში სახეობების მიხედვით სხვადასხვა რაოდენობის კვერცხია: 50-115 (აზიური კალია) ან 30-35 (მაროკოული კალია). მდედრი ჩვეულებრივ 2-3 პარკუჭანას დებს.
ბრძოლის ღონისძიებები: აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, კალიების საბუდრების მოსპობა, ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება საჭიროა მატლების მასობრივი გამოჩეკისთანავე, რომელიც უნდა დამთავრდეს მატლების მესამე-მეოთხე ხნოვანების პერიოდში. პესტიციდებიდან უნდა გამოვიყენოთ კონტაქტური ფოსფორორგანული ან პირეტროიდული პრეპარატები. უკანასკნელ ხანს გამოიყენება ბიოლოგიური საშუალებებიც.


წყარო:


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები