კივის გასაშენებლად სასურველია შეირჩეს ქარისგან დაცული ადგილი, მიზანშეწონილია ნაკვეთის ახლოს სარწყავი წყლის არსებობა. გასაშენებლად ვარგისია მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის ნიადაგები. შერჩეული ნიადაგი 1 – 1.5 მეტრის სიღრმეზე თავისუფალი უნდა იყოს გრუნტის წყლის სიახლოვისაგან.
შემოდგომაზე, ნიადაგის პირველადი დამუშავების შემდეგ, ფართობზე დასარგავად, წინასწარ მონიშნულ ადგილებში, იღებენ 60 სმ სიღრმისა და 50 სმ სიგანის ორმოებს. მასში შეაქვთ 10 კგ გადამწვარი ნაკელი, 200 გრ ფოსფორი და 100 გრ კალიუმის ნაზავი.
კივი მრავალწლიანი ხვიარა მცენარეა. ხანგრძლივი პერიოდის მომსახურებისათვის აუცილებელია მყარი საყრდენები. საყრდენებად შესაძლებელია გამოყენებული იქნას რკინის, რკინა-ბეტონის ან ხის ბოძები. საყრდენი ბოძების სიმაღლე ნიადაგის ზედაპირიდან 2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს, რათა მცენარის მთელი შინაგანი ენერგია ვეგეტატიური ღეროების ზრდისკენ კი არა, ნაყოფმსხმოიარობის ზრდისკენ იქნას მიმართული.