როგორ მოვუაროთ ყვავილოვან კომბოსტოს

8 ოქტომბერი, 2020 21:05 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




🥬 ყვავილოვანი კომბოსტოს მოვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ტენის მოყვარული მცენარეა, განსაკუთრებით მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს ჩითილის და თავის ფორმირების პერიოდში. ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი და ყოველთვის ფხვიერი, ამიტომ მწკრივთაშორის და მცენარეთაშორის ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს ხელით 2–ჯერ მაინც, ჩატარდეს კულტივაცია 2–ჯერ. ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავლის ხარისხზე ტენის ნაკლებობა ძალიან ცუდად მოქმედებს, მისი პროდუქტიული ნაწილი უდროოდ იწყებს განვითარებას და თავები გამოდის მეტად მცირე ზომის და უხარისხო (გაუხეშებული), მაგრამ არც ზედმეტი ტენიანობაა მისთვის სასარგებლო. ამ შემთხვევაში მცენარეების უმრავლესობა თავს საერთოდ არ გაიკეთებს, ან თუ გაიკეთა უხარისხო იქნება.

🥬 გამოკვება - თავის ფორმირების დაწყების წინ შეგვაქს აზოტიანი სასუქის დარჩენილი დოზა და აგრეთვე შეიძლება გამოვიყენოთ წუნწუხი (1:20) ხარჯი 5 ლიტრი კვადრატულ მეტრზე. სხვა სახეობის კომბოსტოსგან განსხვავებით ყვავილოვანი კომბოსტოს თეთრი და ნაზი თავების მისაღებად გამოიყენება ე.წ. „თავების გათეთრების“ ხერხი, რაც გულისხმობს მზის პირდაპირი სხივებისგან თავების დაცვას. ამ მიზნით რამდენიმე შიგნითა ფოთოლი იწევა თავების ზემოთ და იკვრება შესახვევი მასალით, ან ფოთლების ჩატეხვით ხდება თავების დაფარვა. ასევე გამოიყენება სელექციური ჯიშები, რომელთა თავებს ბუნებრივად აქვს ფოთოლი გადაფარებული.

🥬 მოვლაში იგულისხმება მავნებელ-დაავადებებისგან დაცვაც. ყვავილოვან კომბოსტოს ძირითადად უჩნდება ჯვაროსანთა ოჯახისათვის დამახასიათებელი მავნებლები: რწყილები, ბუგრები, ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა, ჩრჩილი, ფრთათეთრა. მათ საწინაამღდეგოდ გამოიყენება ინსექტიციდები მაგ. აქტელიკი ხარჯვის ნორმა 0,5 ლ/ჰა., ვერტიმეკი ნაწლავური და კონტაქტური ინსექტოაკარიციდი ხარჯვის ნორმა 0,8–1,2 ლ/ჰა. დაავადებები: ჩითილის პერიოდში პითიუმი, ფუზარიოზი.

🥬 ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის თავისებურებიდან გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ხერხი ე.წ ზრდის დასრულება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის ტექნოლოგიაში. ზამთრის პირას მოსავლის აღებისას თუ მცენარეებმა სათანადოდ ვერ განივითარეს თავები და მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, ყინვების დადგომამდე მცენარეებს ამოთხრიან, მიაწყობენ ნაგებობაში (კვალსათბური, სარდაფი, ბოსტნეულის სანახი და სხვა) და ფესვებს მიაყრიან მიწას. ზრდის დასასრულებლად არჩევენ კარგად შეფოთლილ მცენარეებს (20-25 ფოთოლი), რომლებსაც განვითარებული აქვს 5 სმ. დიამეტრის 100 გრამიანი თავი. 20-25 გრამიანი თავის მქონე მცენარეები ზრდის დასრულებისას იძლევიან დაბალი ხარისხის პროდუქციას. ზრდის დასრულების პროცესში თავი მატულობს 3-4 ჯერ, რაც ხდება ფოთლებში დაგროვილი ასიმილატების პროდუქტიულ ნაწილში გადადინების ხარჯზე.

🥬 ყვავილოვანი კომბოსტოს ზრდის დასასრულებლად საუკეთესოა ტემპერატურა 0-დან +2 გრადუსამდე და ფარდობითი ტენიანობა 85-90 %-ის ფარგლებში.


წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები