ვაშლის ჯიშები

19 ოქტომბერი, 2020 15:37 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა


🍏 გოლდენ დელიშესი - ყველაზე გავრცელებული ჯიშია მსოფლიოში. ცნობილია ამ ჯიშის მრავალი კლონი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია გოლდენ სმუტი, გოლდენ ბი, გოლდენ რეინდერსი, გოლდსპური და სხვა. ხე საშუალო ზრდისაა, ადრე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, მოითხოვს ნაყოფების დანორმებას. ნაყოფი ყვითელი ფერისაა, კონუსური, საშუალო ან დიდი ზომის, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, ინახება აპრილ-მაისამდე, მაღალპროდუქტიული წამყვანი ჯიშია.

🍏 ზამთრის ბანანი – ვაშლის ამერიკული ჯიშია. ხე საშუალო ზრდისაა, მაღალმოსავლიანი, ნაყოფი ყვითელი ფერის, მრგვალი, მზის მხარეს ალისფერი ლოყით, საშუალო ან დიდი ზომისაა, აქვს დამახასიათებელი არომატი, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, ინახება მარტ-აპრილამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, თუმცა კარგავს პოპულარობას.

🍎 კეხურა – ადგილობრივი ჯიშია. აერთიანებს კლონების პოპულაციას, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან შეფერვით, შენახვისუნარიანობით და რბილობის წვნიანობით. ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობაში გვიან შედის, მაღალმოსავლიანია, ხასიათდება მეწლეობით. ნაყოფი წითელი ფერისაა, მრგვალი, მსხვილი, საგემოვნო თვისებები საშუალოა. იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, კარგად ინახება მაის-ივნისამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის.

🍏 შამპანური რენეტი – ძველი ევროპული ჯიშია. ხე საშუალო ზრდისაა, მალე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი ყვითელი ფერის, საშუალო ზომის, კანი გლუვი, პრიალა. ზოგჯერ ალისფერი ლოყით, ფორმით შებრტყელებული, საშუალო ზომის, იკრიფება სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში, ინახება აპრილ-მაისამდე, ნელ-ნელა კარგავს პოპულარობას.

🍏 ქართული სინაპი – ადგილობრივი ჯიშია. ხე ძლიერი ზრდისაა, გვიან შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი მოგრძო-ცილინდრული ფორმისაა, მწვანე ფერის, მზის მხარეს შეფერილია ჟოლოსფერ-წითლად. იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, ინახება აპრილ-მაისამდე. რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის.

🍎 რედ დელიშესი – ცნობილი ამერიკული ჯიშია, ნაპოვნია მე-19 საუკუნეში შემთხვევითი თესლნერგის სახით. გავრცელებულია ამ ჯიშის მრავალი კლონი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია სტარკრიმსონი, რედ ჩიფი, სტარკ დელიშესი, ჯერონიმო, რედ კაპი და სხვა. ხე სუსტი ზრდისაა, მალე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, მოითხოვს დანორმებას, ნაყოფი წითელი, სრულ სიმწიფეში მუქი იისფერი-შავი, კონუსური, საშუალო ან დიდი ზომის, ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის შუა პერიოდში ან სექტემბრის ბოლოს, ინახება მარტ-აპრილამდე. რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

🍎 გალა – ამ ახალზელანდიური ჯიშის მრავალი კლონი არსებობს, მათ შორის, როიალ გალა, გალა მასტი, გალაქსი, შნიგა, გეილ-გალა, და ა.შ. ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი კონუსური ფორმის, საშუალო მასა 170 – 190 გრამია, შეფერვა – ალისფერ-წითელი, დაწინწკლულია ოდნავ შესამჩნევი თეთრი წერტილებით. გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით, საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, სიმწიფეში შედის და იკრიფება სექტემბრის დასაწყისში, მწიფდება არაერთდროულად, იკრიფება ორ ვადაში. მოიხმარება მოკრეფისთანავე. დაავადებების მიმართ მიმღებიანია. სარდაფის პირობებში ინახება მარტ-აპრილამდე. მაღალპროდუქტიული და უხვმოსავლიანი ჯიშია, პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

🍏 აიდარედი – საგვიანო სიმწიფის პერიოდის ამერიკული ჯიშია (ვაგნერი X ჯონათანი). ხე სუსტი ზრდისაა, ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის მეორე დეკადაში. ჯიში გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით. ნაყოფი საშუალოზე მსხვილია (180-200 გრამი), მომრგვალო ფორმის, კანის ძირითადი შეფერვა მოყვითალოა, რომელიც მთლიანად დაფარულია ალისფერ-წითელი ფერით. რბილობი ხასიათდება სასიამოვნო გემოთი. სარდაფის ჩვეულებრივ პირობებში ინახება მაისამდე, თუმცა შენახვისას ზიანდება კანქვეშა წერტილოვანი სილაქავით. რეკომენდებულია გასავრცელებლად აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის სამრეწველო რეგიონებისთვის.

🍏 მუცუ – საგვიანო პერიოდის იაპონური ჯიშია (მიღებულია გოლდენ დელიშესისა და ინდოს შეჯვარებით). ხასიათდება საშუალო ზრდის სიძლიერითა და მობრტყო-მომრგვალო ფორმის ვარჯით. მსხმოიარობაში საშუალო საძირეზე შედის მე-4-5 წელს, მოსავლიანობა საშუალო ან მაღალი, ჯიშს მიდრეკილება აქვს მეწლეობისკენ. საუკეთესო დამამტვერიანებლებია: აიდარედი, გოლდენ დელიშესი. ნაყოფი კონუსური ზომისაა, მსხვილი (210-230 გ), საუკეთესო სასაქონლო სახის, ძირითადი შეფერვა – მომწვანო-ოქროსფერი (ყვითელი), მკაფიოდ გამოხატული კანქვეშა წინწკლებით. პერსპექტიული ჯიშია გასავრცელებლად.

🍏 ჯონაგოლდი – ამერიკული ჯიშია, წარმოებაში გავრცელებულია ჯონაგოლდის შემდეგი კლონები: ჯონაგორედი, ჯონიკა, რედ ჯონაპრინცი, ვილმუტა და ა.შ. რბილობი – მოყვითალო, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის, ოდნავ მომჟავო, მაგრამ მაღალი საგემოვნო თვისებებით. სარდაფის პირობებში ინახება აპრილამდე. პერსპექტიული ჯიშია გასავრეცელებლად.

🍎 ფუჯი – იაპონური ჯიშია. ფუჯის მრავალი კლონი არსებობს, მათ შორის, ფუჯი ნაგა-ფუ 12, ფუჯი კიკუ, სან ფუჯი და ა.შ. ხე საშუალო ზრდისაა. ნაყოფი მომრგვალო-კონუსური ფორმისაა, საშუალო მასა – 180-200 გრამი, შეფერვა -წითელი. გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით.რბილობი ხრაშუნა, ყვითელი ფერის, წვრილმარცვლოვანი, ტკბილი გემოსი. იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სარდაფის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე. მაღალპროდუქტიული და უხვმოსავლიანი ჯიშია. მიდრეკილია მეწლეობისკენ. პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

🍏 გრანი სმიტი – ავსტრალიური ჯიშია. ხე საშუალო ზრდისაა. ნაყოფი მომრგვალო-კონუსური ფორმისაა, საშუალო მასა – 180-200 გრამი, შეფერვა – მწვანე. ნაყოფები დაწინწკლულია შესამჩნევი თეთრი წერტილებით. გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით. რბილობი ხრაშუნა, მომწვანო-მოთეთრო ფერის, გემო მომჟავო-მოტკბო, იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სარდაფის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე.მაღალპროდუქტიული და უხვმოსავლიანი ჯიშია, პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები