🌲 საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების ზრდა შეზღუდულია, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია საჰექტარო მოსავლის ზრდა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი მიუძღვის ქარსაფარი ზოლების არსებობას, რადგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთ ძირითად რეზერვად ითვლება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის აღკვეთა და ქარებისა და გვალვების მავნე ზემოქმედების შემცირება აგრომეტყევეობის მეთოდებით.
🌲 სწორად დაგეგმილი და მოწყობილი ქარსაფარი ზოლები ზრდის ნიადაგის და ჰაერის ტენიანობას, აწესრიგებს წყლის რეჟიმს, იქმნება თოვლის დაგროვებისა და ფართობზე თანაბარი განაწილების საშუალებები, იცავს ქარებისგან და საბოლოოდ რეგულარული მოსავლის მიღებას ემსახურება.
🌲 ქარსაფარების გაშენების დაგეგმვისას უნდა იქნას გათვალისწინებული მანძილი დამცავ ზოლსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის. სასოფლო-სამეურნეო ნარგაობების დაჩრდილვის თავიდან ასაცილებლად ეს მანძილი საშუალოდ 8-10 მ უნდა შეადგენდეს.
🌲 აღმოსავლეთ საქართველოსთვის ქარების სიძლიერისა და ხასიათის მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტები იყოფა სამ ჯგუფად:
✅ I ჯგუფის მუნიციპალიტეტები, სადაც გაბატონებულია ძალიან მძაფრი ქარები (18-20 მ/წ და მეტი), რომლებიც იწვევენ ნიადაგის ძლიერ გამოშრობას. ესენია: ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ფართობები, სამგორის, მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.
✅ II ჯგუფის მუნიციპალიტეტები ძლიერი ქარებით (15-17 მ/წ), რაც საგრძნობლად აზიანებს მოსავალს. ესენია: ცხინვალის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
✅ III ჯგუფის მუნიციპალიტეტები ნაკლებად ძლიერი ქარებით (10-14 მ/წ): ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ახალგორის, თეთრიწყაროს, თიანეთის, ჯავის, თელავის, ახმეტის, ყვარელის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.
🌲 მრავალწლოვან ნარგავთა დასაცავად ქარსაფარი ზოლები უნდა გაშენდეს ბაღის გაშენებამდე ორი წლით ადრე. მთავარი ანუ ძირითადი ზოლი შეძლებისდაგვარად უნდა განლაგდეს გაბატონებული ქარების მიმართულების პერპენდიკულარულად, ხოლო დამატებითი ანუ განივი - ძირითადი ზოლის პერპენდიკულარულად.
✅ სრული მასალა იხილეთ - http://srca.gov.ge/files/qarsafar_16_gv.pdf
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"