საშემოდგომო ხორბლისათვის წინამორბედის ღირსება მით უფრო მაღალია, რაც უფრო ადრე ათავისუფლებს იგი მინდორს.
🌾 აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ პირობებში ასეთი წინამორბედებია: სამარცვლე პარკოსანი კულტურაბი; სასილოსე სიმინდი; სიმინდი მწვანე საკვებად; ერთწლიანი პარკოსნებისა და მარცვლოვნების (შვრიანარევი ბარდა ან ცერცველა) ნარევი მწვანე საკვებად; მრავალწლიანი ბალახების კორდი და მზესუმზირა.
🌾 ხოლო სარწყავებში სამარცვლე სიმინდი (მოკლე ვეგეტაციის); ბოსტნეულ - ბაღჩეული კულტურები; მრავალწლიანი ბალახების კორდი; სანაწვერალო კულტურები; სამარცვლე პარკოსანი კულტურებით (ლობიო, სოია, ბარდა) მოთესილი ანეული.
🌾 როგორც სარწყავ, ისე ურწყავ პირობებში დასაშვებია ხორბლის ორ წელიწადს ზედიზედ თესვაც, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ გვალვიან პირობებში ხორბლისათვის სასურველი წინამორბედების დეფიციტის გამო, აუცილებელი ხდება ხორბლის ერთსა და იმავე ნაკვეთზე რამდენიმე წელიწადს ზედიზედ თესვა, რაც ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის გაუარესებას, საკვები ნივთიერებებით ნიადაგის ცალმხრივ გაღარიბებას და სპეციფიკური სარეველების და მავნებელ-დაავადებების გავრცელებას. ამას ემატება ისიც, რომ მოსავლის აღების შემდეგ ნაწვერალი დიდი ხნის განმავლობაში (2-3 თვე) მოუხნავი რჩება, რის გამოც ნიადაგი შრება, ხნული ბელტიანი გამოდის, ძნელდება მისი სათეს კონდიციამდე დაყვანა და ხორბალი ითესება გვიან, ბელტიან ხნულში და გვიან აღმოცენდება, რაც ამცირებს საშემოდგომო ბარტყობას და ხშირ შემთხვევაში სუსტი ნათესი ძლიერ ზიანდება ქარისმიერი ეროზიისაგან.
🌾 დასავლეთ საქართველოში - იმერეთის დაბლობზე და რაჭა-ლეჩხუმის მთისწინა ზონაში ხორბალი ძირითადად სიმინდის, სოიას და ერთწლიანი საკვები კულტურების შემდეგ ითესება.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"