როგორ გავამრავლოთ ფეიჰოა

2 დეკემბერი, 2020 17:04 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა

 




🍈 არსებობს ფეიჰოას გამრავლების ორი წესი: გენერაციული (თესლით) და ვეგეტატიური (კალმებით, გადაწვენით). გამრავლების ყველაზე ადვილ წესად მიჩნეულია თესლით გამრავლება.

🍈 თესლით გამრავლებისას წინასწარ ორი-სამი წლით ადრე შეირჩევა მაღალმოსავლიანი, კარგი კომერციული ნიშან-თვისებების მქონე სადედე ხეები, რომლებიც თვითდამტვერვით მსხმოიარობენ. ამასთან კარგი იქნება თუ გვეცოდინება სადედე მცენარის ჯიშური წარმომავლობა.

🍈 სადედე ხეებიდან ნაყოფებს იღებენ სრული სიმწიფის სტადიაში. უმჯობესია თავისთავად ჩამოცვენილი მსხვილი ნაყოფები. შეგროვლ ნაყოფებს ათავსებენ სარდაფში 10-15 დღით, თესლის კარგად მომწიფების მიზნით. თესლის დასამზადებლად ნაყოფი იჭრება სიგრძეზე, რბილობიდან ფრთხილად იღებენ თესლის მასას და ათავსებენ მინის ქილაში. ასხამენ სუფთა წყალს და ტოვებენ 5-7 დღის განმავლობაში დუღილის დაწყებამდე. ადუღებულ მასას ურევენ მინის წკირს სანამ თესლი არ გამონთავისუფლდება რბილობის ძირითადი მასისაგან. მიღებული მასა ირეცხება 1,2,3 მმ. დიამეტრის ნაჩვრეტებიან საცერზე. გარეცხილი თესლი წვრილი და მსუბუქია 1 000 ცალი თესლი იწონის 1,6 გრამს.

🍈 თესლნერგები გამოყავთ ორანჟერიაში ან კვალსათბურში. ორანჟერიაში თესლი ითესება ხის ყუთებში (70x70x- 15სმ), ყუთების ფსკერზე იყრება ქვიშა დრენაჟისთვის 2-3სმ. სისქით, შემდეგ კი ყუთები ივსება ნიადაგის ხელოვნური ნარევით. სუბსტრატად იყენებენ წითელმიწა ან ალუვიური ტიპის ნიადაგს, გადამწვარ ნაკელს და მდინარის სილას 2:1:1-ზე შეფარდებით. დასათესად გამზადებულ ყუთებში ყოველი 4-5 სმ-ის დაცილებით გაყავთ 2-3 მმ. სიღრმის კვლები. კვლებში ყოველ 1 სმ-ზე ითესება თესლი. ზემოდან ეყრება 2-3 მმ-სისქით გაცრილი მიწა, ფრთხილად იტკეპნება და ირწყვება პულვერიზატორით. ორანჟერიებში თესლის თესვის ვადაა 15 დეკემბრიდან - 1 თებერვლამდე, კვალსათბურებში 15 მარტიდან - 5 აპრილამდე. თესლის კარგად აღმოცენების მისაღებად ორანჟერიაში და კვალსათბურებში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 22-25°C, აღმოცენების პერიოდი გრძელდება 20-25 დღეს, აღმოცენების უნარი 50-60% შეადგენს.

🍈 აპრილის ბოლოს, როდესაც ნათესი განივითარებს 5-7 ფოთოლს (7-8 სმ. სიმაღლის ღეროს) იწყებენ მის გადარგვას ღია გრუნტში წინასწარ გამზადებულ კვლებზე, ან სპეციალური საკვები სუბსტრატით შევსებულ 20x15 სმ-ის ზომის პოლიეთილენის პარკებში. საერთაშორისო სტანდარტებით სადღეისოდ მიღებულია ნერგების გამოზრდა პოლიეთილენის პარკებში, ამ მიზნით პარკებში იყრება, ალუვიური ან ფხვიერი წითელმიწა ყამრი ნიადაგისა და ტორფის ნარევი. ყოველ 1კგ. ნიადაგის ნარევს (ერთ პარკს) ემატება 1,5 გრ. სუპერფოსფატი. შევსებული პარკები მჭიდროდ ეწყობა 150 სმ-ის სიგანის კვლებზე, კარგად ირწყვება.

🍈 გადარგვის დროს ფეიჰოას ნათესარის ფესვი 1/3-ით იკვეცება და პარკში ფრთხილად ირგვება 10-12 სმ-ის სიღრმეზე. გადარგვის შემდეგ ტარდება მორწყვა. ზრდის დაწყებამდე მიზანშეწონილია ნერგების დაჩრდილვა მზის აწვისაგან დასაცავად. გახაფხულ-ზაფხულის პერიოდში თესლნერგები 3-4- ჯერ ირწყვება ამონიუმის გვარჯილის 0.3-0.5%-იანი ხსნარით. აზოტიანი წყალხსნარით მორწყვის შემდეგ ხდება მცენარეების სუფთა წყლით ხანმოკლე მორწყვა. პოლიეთილენის პარკებში გამოყვანილი ფეიჰოას ნერგი იმავე წლის შემოდგომაზე აღწევს 30-40 სმ. სიმაღლეს, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობით და მუდმივ ადგილზე გადარგვისას 100%- იანი გახარებით.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები