თბილისის ზოოპარკში კეთილშობილი ირმის ნაშიერი გაჩნდა

10 ივლისი, 2019 14:57 ეკოლოგია

თბილისის ზოოპარკში კეთილშობილი ირმის ნაშიერი გაჩნდა. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი თავის "ფეისბუკის" გვერდზე ავრცელებს:

"ამ ბოლო დროს ზოოპარკში იმდენი პატარა გაგვიჩნდა, რომელ ვოლიერშიც არ უნდა შეიხედო, ლამის ყველგან მეძუძურ, ან ბავშვატატებულ დედას მოჰკრავ თვალს.
 ცოტა ხანი ფოტოებს არ ვდებდით. არა, იმიტომ კი არა, აქაოდა, თვალი არ ეცეთო. უბრალოდ, კრიტიკული პირველი დღეების ჩავლას ველოდებოდით. დღეიდან ახალშობილების კვირეულს გახსნილად ვაცხადებთ და სათითაოდ გაგაცნობთ თითოეულ პატარას.
ეს კეთილშობილი ირმის ნაშიერია. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გოგოა თუ ბიჭი, ჯერ არ ვიცით, რადგან ახლოს ვერ მივდივართ და ასე, შორიდან ვუჭვრიტინებთ ამ წვრილკანჭა სილამაზეს. თავიდან, სულ ციცქნა რომ იყო, ძირითადად იწვა და დედას ელოდებოდა, როდის მიაკითხავდა და მიართმევდა რძეს. ახლა უკვე მოყოჩაღდა. დაცანცარებს მთელი დღე და დიდი მოთმინება გჭირდება მის კადრში მოსახელთებლად. ერთ წამს რომ გაირინდება, მეორე წამში უკვე ვოლიერის ბოლოშია გატყორცნილი და გტოვებს პირში ჩალაგამოვლებულს, ბუნდოვანი ფოტოებისამარა. თუმცა, ბევრი წვალების შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით, ძლივს მოვახერხეთ და დედა-შვილს ერთი კარგი სამახსოვრო სურათი მაინც გადავუღეთ.
ადამიანებს ხომ ამგვარი წესი გვაქვს: ახალშობილის მოსანახულებლად ხელცარიელები არ მივდივართ. ჰოდა, ჩვენი პატარის დასაჩუქრება თუ მოგინდებათ, არ მოგერიდოთ. თქვენი შემოწირული თანხა საქართველოში კეთილშობილი ირმის შენარჩუნებას მოხმარდება!"

#თბილისი

ბოლო სიახლეები