აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისას კანკელის ფრაგმენტი გამოვლინდა

10 ივლისი, 2019 18:53 კულტურა

აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კანკელის ფრაგმენტი გამოვლინდა.  ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. წინსაწარი სამეცნიერო შეფასების მიხედვით, ღვთისმშობლის მიძინების სცენის ამსახველი ფრაგმენტი განვითარებული შუასაუკუნეების ხანისაა და ამ დრომდე შემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობის თანადროულია. ამავე დასკვნის მიხედვით, ახლადგამოვლენილი კანკელი მე-11 საუკუნისაა. იგი თეძამის ტუფშია ნაკვეთი და ძალიან ჰგავს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი კანკელების სტილისტურ ჯგუფს, რომელიც სვეტიცხოვლის, ალავერდის, შიო-მღვიმის, სამთავროსა და საფარას მონასტრების კანკელებითაა წარმოდგენილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლები ახლადგამოვლენილ ფრაგმენტს უახლოეს დღეებში ადგილზე შეისწავლიან. 
სავარაუდოდ, სწორედ ახლადგამოვლენილი ობიექტის ნიმუში დაედება საფუძვლად აწყურის საკათედრო ტაძრის ახალი კანკელის დამზადების პროცესს. 
პარალელურად, ფონდი „ქართუს“ ფინანსირების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უზრუნველყოფს საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტში კორექტირებას, რაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტრადიციული ქვის ლორფინით გადახურვას ითვალისწინებს. საპროექტო ცვლილების გამო აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის ვადა 2 წლით გადაიწევს და ის 2024 წელს დასრულდება.
* აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი "ქართუ"-ს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.

ბოლო სიახლეები