ჭიათურაში წყალს ჩეხ სპეციალისტებთან ერთად გამოიკვლევენ

10 ივლისი, 2019 18:57 ეკოლოგია

ქალაქ ჭიათურაში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის „WATRAD“ გენერალურ დირექტორს, მიხალ ვანიჩეკს შეხვდა.

„წყლის კვლევა ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი პროექტი, რომელსაც ჩეხურ მხარესთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განვახორციელებთ, გულისხმობს ქალაქ ჭიათურაში სისტემური კვლევების ჩატარებას, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. პროექტის ფარგლებში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის პარალელურად, გათვალისწინებულია ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების გაცემა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი ესწრებოდა.

ბოლო სიახლეები