უნგრეთსა და საქართველოს შორის ოთხი ხელშეკრულება გაფორმდა

11 ივლისი, 2019 15:18 პოლიტიკა

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უნგრეთის მხრიდან კი საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

კონფერენციის ფარგლებში ხელი ასევე მოეწერა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უნგრული ენისა და კულტურის სწავლების შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ხოლო უნგრეთის მხრიდან საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უნგრეთის საელჩოს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დახმარების შესახებ“ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზ ნიკოლოზ გვარლიანმა.

ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს შორის, რომელსაც ხელი მოაწერა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ექსპორტ-იმპორტის ბანკის წარმომადგენელმა რობერტ გრილიოვმა.


ბოლო სიახლეები