მოდერნიზებული ლუდსახარში „ლუდი ბათუმური“ ოფიციალურად გაიხსნა

11 ივლისი, 2019 18:15 ეკონომიკა & ბიზნესი

დღეს, ბათუმის მოდერნიზებული ლუდსახარში „ლუდი ბათუმური“ ოფიციალურად გაიხსნა.

ლუდსახარში 1951 წლიდან აწარმოებს ლუდს. ამიერიდან ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული მისი ორიგინალური აღჭურვილობის გვერდით უახლესი თანამედროვე მოწყობილობებიც დგას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა ახალი შენობა-ნაგებობების აშენება და დანადგარების განახლება.

პროექტი EU4Business-ის მხარდაჭერით განხორციელდა. „ლუდი ბათუმური“ კერძო საწარმოა, რომელსაც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ლუდსახარშის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ბათუმის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა“. ბათუმური ლუდი ცხრა საერთაშორისო ოქროს მედლის მფლობელია. ამჟამად საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

გახსნის ცერემონიალს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის ლუდსახარშის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოლო სიახლეები