GIPA-ს სტუდენტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასაქმდებიან

29 ივნისი, 2019 16:52 ეკოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა სამთვიანი სტაჟირება გაიარეს. ყველაზე წარმატებული სტუდენტები სამინისტროს შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან.

სტუდენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი შეხვდა, სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს საჯარო სამსახურის მიმართ. დღეს, როდესაც ჩვენ ვქმნით გარემოსდაცვით  პოლიტიკას რეგულაციებითა და ინსტიტუციური მოწყობით და, შესაბამისად,  გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, ჰაერივით გვჭირდება ახალგაზრდა და მოტივირებული სპეციალისტები. სტაჟირება კარგი შესაძლებლობაა, მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ, განივითაროთ პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღოთ გამოცდილება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

 

აღინიშნა, რომ მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ახალგაზრდები სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში დასაქმდებიან.

 

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სტაჟირების პროგრამა   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. 


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შემუშავდა.  პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება გარემოსდაცვითი მმათველობისა და პოლიტიკის სფეროში, რომლებიც შეძლებენ  წარმატებით იმუშაონ  როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 

ბოლო სიახლეები