განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება

15 ივლისი, 2019 17:54 განათლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე „მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – ,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაათვალიერეს.

საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება, თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნოპარკი, სადაც მოსწავლეებში „სტარტაპ“ უნარ-ჩვევების განვითარება ადრეული ასაკიდან მოხდება. განათლებისა და მეცნიერების ქალაქში თავმოყრილი იქნება: ბიბლიოთეკა,  სამეცნიერო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სასადილო სივრცეები, სპორტული დარბაზები, გარე მოედნები, ზოგადსაგანმანათლებლო, კომაროვისა და ხელოვნების  სკოლები. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 14 ათასი კვ.მ კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ორი შენობისგან შედგება.  1300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერის ბოლოს დასრულდება. პროექტი,  რომლის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა, მშენებლობას კომპანია „დაგი“  ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალით ახორციელებს. 

მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში ტენდერი გამოცხადდა ასევე სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობაზეც, რომელიც 29 ივლისს სრულდება.

350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობაც ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.  სკოლა აღჭურვილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით. გარდა ამისა მოეწყობა სპორტული მოედანი და განხორციელდება სკოლის ტერიტორიის გამწვანება.

ბოლო სიახლეები