ნათია თურნავა: 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების, შესახებ მოუთხრობს

16 ივლისი, 2019 12:04 ტურიზმი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო გზამკვლევის „Lonely Planet“ - ის ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის გასაშუქებლად იმყოფება. პოპულარული გზამკვლევი ევროპის ღვინის მიმართულებების შესახებ ამზადებს გზამკვლევს და მათ შორის, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ბენჯამინ კემპერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. ის ერთერთია იმ 200 ბლოგერსა და ჟურნალისტებს შორის, რომელთა მიერ მომზადებულ სტატიებს, ბლოგებსა და სიუჟეტებს საქართველოს შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.

 შეხვედრაზე „Lonely Planet“ - ის ავტორმა დეტალურად ისაუბრა თავისი სტუმრობის შესახებ კახეთის რეგიონის ღვინის საწარმოებსა და წვრილ საოჯახო მარნებში, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდება და მას ამერიკელი და ინგლისურენოვანი აუდიტორია წაიკითხავს. “ჩემი საბოლოო მიზანი ამერიკელი და ინგლისურენოვანი მკითხველის საქართველოში, ღვინის ქვეყანაში ჩამოყვანაა. ეს შესანიშნავი ქვეყანაა არაჩვეულებრივი ადამიანებით, უგემრიელესი საკვებით და ღვინოებით, რომლებიც ერთ-ერთი განსაკუთრებული ღვინოებია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ - განაცხადა ბენჯამინ კემპერმა.

შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში 200 ჟურნალისტისა და ბლოგერის სტუმრობა და აღნიშნა, რომ ისინი ობიექტურად აღწერენ საქართველოსა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ, არსებულ ვითარებას და პირველ რიგში იმას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ბაზარი.

ივლისის თვის ბოლომდე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი) აგრეთვე კორეის რეპუბლიკიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს საქართველოს შესახებ, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა, უნიკალური კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით.

ბოლო სიახლეები