მეცნიერები თავის ტვინის ასაკობრივი აშლილობისგან დაცვის მარტივ მეთოდებზე საუბრობენ

16 ივლისი, 2019 12:51 მედიცინა

წყარო:  РИА Новости


ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის მეცნიერები იმ მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდებზე საუბრობენ, რომლებსაც თავის ტვინის დაბერების გადავადება, ასევე სხვადასხვა ტიპის კოგნიტური დაავადების თავიდან აცილებაში დახმარება შეუძლია.


კვლევში მონაწილეობდა ორი ათასამდე ადამიანი, რომელთა ასაკი საშუალოდ 78 წელი იყო. კვლევების დაწყების მომენტისთვის კოგნიტური აშლილობა არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა. მოხალისეებზე დაკვირვება 5 წელიწადს გაგრძელდა. ისინი ყოველ 15 თვეში კოგნიტური შესაძლებლობების შეფასების ტესტებს გადიოდნენ. ამ პერიოდში თავის ტვინის აშლილობა 532 ადამიანს გამოუვლინდა.


კვლევების შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტვინის მუშაობას საგრძნობლად ახანგრძლივებს გონებრივი დატვირთვის აქტიური სტიმულირება. კერძოდ, მკვლევარების თქმით, შუახნის ასაკში კომპიუტერის გამოყენება მსუბუქი კოგნიტური დაავადებების რისკს 48 პროცენტით ამცირებს, ხანდაზმულ ასაკში კი - 30 პროცენტით. საშუალოდ კი, იმ ადამიანებს, რომლებიც კომპიუტერს შუახნის ასაკშიც იყენებდნენ და მოგვიანებითაც, დარღვევათა რისკი 37 პროცენტამდე შეუმცირდა.

თამაშებმა და სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობამ, ისევე, როგორც კინოში წასვლამ, მეგობრებთან ერთად სეირნობამ და ბანქოს თამაშმა გართულებების ალბათობა მათ 20 პროცენტით აარიდა. დადებით როლს ასრულებს მხატვრულ-დეკორატიული ხელოვნებაც, რომელიც ტვინის მუშაობის შეფერხებას 42 პროცენტით ამცირებს, თუმცა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ხანდაზმული ასაკის ადამიანებს შეეხებათ.


მეორე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც მეცნიერებმა გამოიტანეს: ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა გაამრავალფეროვნონ საქმიანობა, რომელიც ტვინის მუშაობას ასტიმულირებს. მეცნიერების შეთავაზებული სიიდან მხოლოდ ორის ტიპის საქმიანობის ამომრჩევლებს ტვინის პრობლემები მხოლოდ 28 პროცენტით შეუმცირდათ. ამ მონაცემმა 45, 56 და 63 პროცენტს მიაღწია იმ ადამიანებში, რომლებმაც ტვინის მუშაობის სტიმულირებისთვის, შესაბამისად, სამი, ოთხი და ხუთი სახის საქმიანობა შეარჩიეს.


მიუხედავად ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა დამკვირვებლურ ხასიათს ატარებს და, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტმა თვალნათლივ აჩვენა კავშირი თავის ტვინის მასტიმულირებელ საქმიანობასა და მის დაავადებებს შორის, მათ ხანგრძლივი კვლევების ჩატარება სჭირდებათ შედარებით ზუსტი შედეგების მისაღებად.

ბოლო სიახლეები