ვლადიმერ კონსტანტინიდი: საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება

17 ივლისი, 2019 16:47 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე. 
"ვიხილეთ სერგეი ლავროვის განცხადებები. უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება, რამდენადაც საქართველო წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას, რაც  დადასტურებულია ევროკავშირის მიერ და ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში.
ურთიეროებების ჩიხიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღმოვჩნდით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, აუცილებელია დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რის შესახებაც ქართული მხარე მუდმივად საუბრობს. ჟენევაში მიმდინარე დიალოგის მიზანია რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმ გარკვეული პროგრესის შენარჩუნება, რაც მიღწეულია სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული შედეგების შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს შექმნილი დაძაბულობის მოხსნა და დეესკალაცია."

რუსეთი

ბოლო სიახლეები