იორდანიაში შეჰანის ქართველთა მონასტრის კვალის ძიების პროცესი იწყება

17 ივლისი, 2019 18:53 კულტურა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დაპარტამენტს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე წელს ამოქმედებული თანამშომლობის პლატფორმა სამომავლოდ მხარეთა შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე განვითარდება. დოკუმენტი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - ნიკოლოზ ანთიძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დაპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ალი ალხაიატმა 16 ივლისს თბილისში მოაწერეს ხელი, 2 ქვეყნის კოლეგა უწყებების პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ორმხრივი თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ სფეროში ურთიერთობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სიძველეების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ტურიზმის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის მიზნობრივი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარე წელსვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი იორდანიის სამეფოს კარაკის მხარეში, ისტორიული მდინარე არნონის (ამჟამინდელი ვადიმუჯიბი) ხეობაში შეჰანის ქართველთა მონასტრის კვალის ძიების პროცესს წამოიწყებს, რაც იორდანელი და ამერიკელი მეცნიერების თანამონაწილეობით განხორციელდება. დაზვერვით ექსპედიციაში სააგენტოს არქეოლოგებთან ერთად იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტისა და აშშ-ს ორიენტალური კვლევების საერთაშორისო ცენტრის „აქორის“ სპეციალისტები ჩაერთვებიან. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, იორდანიაში დაგეგმილი სამეცნიერო-კვლევით პროცესში ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ქართველ არქეოლოგთა ჯგუფს ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს, რაც შეჰანის უდაბნო-მონასტერის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენას გულისხმობს.

გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტი მზადაა „პეტრას“ არქიტექტურული კომპლექსის რესტავრაციის მაგალითზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს კლდის ძეგლების სარესტავრაციო პროცესებში მეთოდოლოგიური დახმარებაც გაუწიოს. წინასწარ შეთანხმებული პროგრამის შესაბამისად, მხარეები უზრუნველყოფენ კულტურული მემკვიდრეობის ე.წ. კლდის ძეგლებზე ერთობლივ საველე გასვლით მისიებს.

2 ქვეყნის სახელმწიფო უწყებებს შორის პარტნიორობა იორდანიის ჰაშიმიტურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით ვითარდება. ორმხრივ ურთიერთობას საფუძველი მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩაეყარა, როდესაც იორდანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - ზაზა კანდელაკის ინიციატივით, იორდანიაში ქართული ისტორიული და რელიგიური კვალის მოძიების შესაძლებლობების განსახილველად იორდანიის ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან- იაზი დელაიანთან საქმიანი ვიზიტით სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ ანთიძე უწყების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

* ისტორიული წყაროების მიხედვით, შეჰანის ქართველთა მონასტერი გაბრიელ თბილელის მიერ XI საუკუნეშია დაარესებული. ცნობილია, რომ მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ მონასტერში გაატარა. XI საუკუნის 60 იან წლებში აქვე დაიკრძალა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერის დამაარსებელი გიორგი პროხორე. შეჰანის უდაბნო-მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქს (ფილიალს) წარმოადგენდა. მონასტერმა XIII საუკუნემდე იარსება. მონასტრიდან შემორჩენილია რამდენიმე საეკლესიო ხელნაწერი. მათგან ერთ-ერთი იუერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული.

იორდანია

ბოლო სიახლეები