ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

22 აგვისტო, 2019 19:17 ეკონომიკა & ბიზნესი

სს „საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა რეალობად იქცა და აზერბაიჯანული ASCO -ს ჩართულობით, ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება.

2019 წლის 20 აგვისტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი იფუნქციონირებს.
შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ პროექტის ტექნიკურ და კომერციულ ასპექტებზე, რის საფუძველზეც შემუშავდა მომავალი საზღვაო-საკონტეინერო ხაზის, ბათუმი-კონსტანცა-ბათუმი კონტეინერების ტრანსპორტირების ტარიფები, ასევე გადაწყდა ოპერაციის დაწყების თარიღი.
მხარეთა შეთანხმების შესაბამისად საქართველოს გავლით, კერძოდ საქართველოს რკინიგზით ევროპა-ჩინეთი-ევროპის და ევროპა-ცენტრალური აზია-ევროპის სატრანზიტო ტვირთები გადაიზიდება.
ახალი საკონტეინერო მარშრუტის მეშვეობით საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მულტიმოდალური გადაზიდვის - როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო კუთხით, რაც ხელს შეუწყობს როგორც „საქართველოს რკინიგზის“, ასევე ქვეყნის პორტების განვითარებას.
პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას.
გეგმის მიხედვით, საკონტეინერო გემები რეისებს ყოველ 10 დღეში შეასრულებს.


ბათუმი

ბოლო სიახლეები