ჟერარ დეპარდიე ფილმში ბრეჟნევის როლს შეასრულებს

26 აგვისტო, 2019 03:49 უცხოეთის ამბები



წყარო: РИА новости


ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მზად არის საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის, ლეონიდ ბრეჟნევის როლი შეასრულოს ხორვატი რეჟისორის ლორდან ზაფრანოვიჩის ფილმში. როგორც პროდიუსერი ანდრეი ანტონიო ლეკა პრაღის რადიო Frekvence1-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, სურათი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში „პრაღის გაზაფხულად“ წოდებული რეფორმების გამტარებელ ლიდერს, ალექსანდრ დუბჩეკს ეძღვნება.

1968 წელს, მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიის კომპარტიას ალექსანდრ დუბჩეკი ჩაუდგა სათავეში, რესპუბლიკაში კარდინალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები დაიწყო, რომლებშიც სხვა სოციალისტური ქვეყნების ლიდერებმა მთელი აღმოსავლეთ ბლოკისთვის საფრთხე დაინახეს. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, დაერწმუნებინათ დუბჩეკი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების შეწყვეტის აუცილებლობაში, სსრკ-ის, გდრ-ის, პოლონეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის მეთაურებმა რეფორმების ძალადობრივად შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. 1968 წლის 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიაში ამ ქვეყნების ჯარები შეიყვანეს - საერთო ჯამში 300 ათასამდე ჯარისკაცი.

„ბატონ დეპარდიესთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. სექტემბერში პარიზში შევხვდებით მას და მის გუნდს და ფილმის გადაღებების დეტალებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება ალექსანდრ დუბჩეკს, მის როლს მთელ მსოფლიოში კარგად ცნობილი მსახიობი შეასრულებს, რომელთან მოლაპარაკებებიც ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა ლეკამ.

ფილმის სცენარის ავტორია სლოვაკი კაროლ გლავკა, რომელმაც ჯერ მხოლოდ ტექსტის პირველი ნაწილი დაწერა. ამჟამად იგი პრაღაშია და მუშაობს სცენარის მეორე ნაწილზე, რომელიც ორ თვეში დასრულდება.

ფილმს იღებს სლოვაკური კინოსტუდია Leca Production. კინოსურათის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს. პროდიუსერის თქმით, ვარაუდობენ, რომ ფილმი მზად იქნება 2021 წლის ბოლოსთვის, როცა დუბჩეკის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. მსოფლიო პრემიერა 2022 წლის დასაწყისში შედგება. ფილმის პატრონატი უკვე საკუთარ თავზე აიღეს სლოვაკეთის პრემიერმა პეტერ პელეგრინიმ და მისმა ჩეხმა კოლეგამ ანდრეი ბაბიშმა.

ხორვატი რეჟისორი ლორდან ზაფრანოვიჩი, რომელსაც მსოფლიო იცნობს ფილმით „ოკუპაცია 26 ეპიზოდად“, მონაცვლეობით ცხოვრობს თავის მშობლიურ ქვეყანასა და ჩეხეთში. 1968 წლის მოვლენების დროს ის პრაღაში კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლობდა, ასე რომ, მრავალი რამ, რის ჩვენებასაც ახალ ფილმში აპირებს, საკუთარი თვალით აქვს ნანახი.

 

კინო

ბოლო სიახლეები