თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა

4 სექტემბერი, 2019 15:03 ტურიზმი



 2-4 სექტემბერს, ფინეთში, ქალაქ ჰელსინკში მიმდინარე სამიტზე, სახელწოდებით „გონიერი ტურიზმი - ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა“, თბილისი ოფიციალურად წარადგინეს, როგორც მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი.

სამიტზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, რომლებიც სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ნიცის, ტურინისა და პარიზის მერის მოადგილეებს. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ბეიჯინგის ვიცე-მერთან, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან, მადრიდის, ბარსელონას, ლონდონის, დრეზდენისა და კოპენჰაგენის ტურიზმის მართვის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, თბილისის ტურისტული პროდუქტები და პოტენციალი, სამუშაო ჯგუფების გაცვლა და ურთიერთობების გაღრმავება ტურიზმის მიმართულებით.

თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი (World Tourism Cities Federation) 2019 წლის 20 ივნისს გახდა. მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაცია წევრ ქალაქებს სთავაზობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, სხვადასხვა ინდუსტრიულ ასოციაციებთან კავშირს, ბიზნეს სამუშაო შეხვედრებს, თემატურ შეხვედრებს, ასევე, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსის ცნობადობის გაზრდას.

აღნიშნული სამიტის ფარგლებში გაიმართა ტურისტული გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი ქალაქები. გამოფენაზე თბილისი წარმოდგენილი იყო სტენდით, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ დედაქალაქის ტურისტულ პროდუქტებს.

თბილისი

ბოლო სიახლეები