რიზე - ჩაისა და აღმართების ჭრელაჭრულა სამფლობელო ყურისძირში

4 სექტემბერი, 2019 18:10 მოგზაურის ბლოგი




ეს ჩანაწერი, უმთავრესად, ახლომახლო მოგზაურობის მოყვარულებს დააინტერესებს. სად? აქვე, მეზობელ თურქეთში, ყურისძირში არის ერთი პატარა, კოხტა, ჭრელაჭრულა, მყუდრო, ჩაისა და ერთმანეთზე შემოსკუპებული ჩაიდნების, აღმართ-დაღმართების ქალაქი, რომელსაც რიზე ჰქვია. არც მგზავრობა დაგიჯდებათ ძვირი: ბათუმის ავტოსადგურიდან რიზემდე „მარშუტკა“ დაახლოებით 15 ლარად ჩაგიყვანთ. საზღვარს რომ გასცდებით, სადღაც საათნახევარში უკვე ადგილზე ხართ. სასტუმროებში ორადგილიანი ნომერი საუზმით დაახლოებით 80 ლირიდან (დღევანდელი კურსით დაახლოებით 40 ლარი) იწყება.

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რიზე ოდესღაც ისტორიულ ჭანეთს ეკუთვნოდა. მართალია, 1918-21 წლებში ერთა ლიგამ ქალაქი საქართველოს მიაკუთვნა, მაგრამ მასზე ქართული იურისდიქცია არ გავრცელებულა: 1921 წლიდან ის თურქეთის შემადგენლობაში მოექცა. დღეს რიზე ამავე სახელწოდების, თურქეთის ყველაზე პატარა პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია, დაახლოებით 100 ათასამდე მცხოვრებით.

ქალაქის სახელწოდება, რომელსაც უწინ „რიზეუმი“ ერქვა, ბერძნულად „მთის ფერდებს“ ნიშნავს. მისი უთვალავი, მეტისმეტად ციცაბო აღმართისა და კიბის შემხედვარეს ეს აღარც გიკვირს. ვაკე ადგილზე ქალაქის ცენტრია გაშენებული. დამრეც ფერდობებზე ერთმანეთთან წარმოუდგენლად ახლო-ახლო ჩაუდგამთ ფერად-ფერადი საცხოვრებელი კორპუსები. თავიდან ძალიან გეხამუშება, მერე კი თვალი ეჩვევა. სახლებს შორის მანძილი ჩაის ბუჩქებითა და ფერად-ფერადი ყვავილებით შეუვსიათ. ალაგ-ალაგ შემორჩენილი ძველი სახლების ნანგრევებს კარგი ჯიშიანი ხავსი მოსდებია და თავისებურ ხიბლს მატებს ქალაქს.

რიზეს ჰაერი თურქეთში ყველაზე მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, რაც ადგილობრივ მცენარეულ საფარს ეტყობა კიდეც: ყველაფერი ხასხასა და ბარაქიანიანფოთლებიანია. მწვანეში ჩაფლული რიზეს პროვინცია თავისი იალაღებითა და კივის ბაღებითაა განთქმული. სწორედ ამ იალაღებზე აგროვებენ აქაური ფუტკრები სახელგანთქმულ თაფლს, რომელსაც საუცხოო გემოც აქვს და დიდი სარგებლიანობითაც გამოირჩევა.

მაგრამ, უპირველესად, რიზე თურქეთის ჩაის ინდუსტრიის ცენტრია და თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნას ამ საკულტო სასმელზე. ქალაქსაც ყველა მხრიდან ფერდობებზე ზურმუხტის ბალიშებივით შეფენილი პლანტაციები აკრავს. რიზეში ჩაის კულტია: სუვენირების მაღაზიების თაროები სავსეა სასაჩუქრედ შეფუთული ადგილობრივი ჩაის სახეობებით, ჩაის ოდეკოლონით, დიდ-პატარა ჩაიდნებით, მაცივარზე მისაკრავ ჩაის ჭიქის ფორმის მაგნიტებსა და ამოქარგულ ხელსახოცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. განათების ბოძების კენწეროებზეც კი ჩაის ფოთოლი იწონებს თავს. წელში კოხტად გამოყვანილი ჩაის ჭიქები საცხოვრებელ სახლებსაც კი ახატია. სხვათა შორის, ჩვეულებრივ, ბანალურ საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსებს ხშირად ეროვნული ორნამენტით მორთული მოზაიკა ამშვენებს, რაც თითქოს-და მოსაწყენი არქიტექტურული იერსახის ნაგებობებს ორიგინალურობას ანიჭებს. სხვათა შორის, ადგილობრივ დიასახლისებს თეთრი ფარდები უყვართ - სხვა ფერის ფარდა უბრალოდ, არსად დამინახავს, რაც ქალაქს საკმაოდ უჩვეულო იერს ანიჭებს. ქალაქის დიდ-პატარა ქუჩების განაპირას დგას ტაბლები, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები შემოსხდომიან, ჩაის მიირთმევენ და აქაურ-იქაურზე ბაასობენ. როგორც მითხრეს, ამ მაგიდებთან ჩაის ქალები არასოდეს სვამენ. განა რაიმე კანონით იკრძალება - უბრალოდ, დღემდე ეს არცერთ ქალს არ მოსვლია თავში აზრად და მიიჩნევა, რომ არ შეიძლება.

რიზეში მოგზაურობისას გაითვალისწინეთ, რომ აქაურების უმეტესობამ არც ინგლისური ენა იცის და არც რუსული. პირადად მე მხოლოდ ერთი მენაყინე ახალგაზრდა ყმაწვილი აღმოვაჩინე, რომელიც დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობდა. თუმცა, იქნებ თქვენ გაგიმართლოთ... ისე კი, როცა ენებს ჩამოუთვლით და რაღაცნაირად მიანიშნებთ, თქვენ რომელ მათგანზე საუბრობთო, ზოგიერთი გიპასუხებთ: „გურჯი“-ო და გულს გაგიხარებთ, მაგრამ მათი „საუბარი“ მხოლოდ „გამარჯობა“, „ნახვამდის“ და „მადლობით“ შემოიფარგლება. არ იდარდოთ: საერთაშორისო ჟესტების ენითა და ქაღალდზე დახატული გამოსახულებებით მშვენივრად გახვალთ იოლად და საკმაოდაც იხალისებთ.

ადგილობრივი ავტობუსით მგზავრობა 2,25 ლირა ღირს, თუმცა, რიზე პატარაა და მის ცენტრს ფეხითაც შესანიშნავად შემოივლით.

ქალაქი საკმაოდ ადრე იძინებს. საღამოს 17:00 საათისთვის ბანკები და, თქვენ წარმოიდგინეთ, აფთიაქებიც კი იკეტება (არც შაბათ-კვირას მუშაობს). მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების უმეტესობა 20 საათამდეა ღია, რესტორნები - მაქსიმუმ შუაღამემდე. მხოლოდ რამაზანის დღესასწაულზეა ღია ყველაფერი ღამის 3 საათამდე. ჩვეულებრივ დღეებში შუაღამის შემდეგ აღარაფერი მუშაობს. ღამის განათებაში ლურჯი და მწვანე ფერები ჭარბობს. ამ დროს გარეთ სიარული საშიში არ არის, მაგრამ მაინც კანტიკუნტად თუ შეხვდებით გამვლელს. მხოლოდ ძაღლები დასეირნობენ. სამარისებური სიჩუმე მაინც არ გელით, რადგან ამ ზღვისპირა ქალაქში უამრავი თოლია ბინადრობს და საკმაოდ სასაცილო და სახალისო ყაშყაშით გაგართობენ. რასაკვირველია, ქალაქის ფონის განუყოფელი ნაწილია მინარეთიდან მორწმუნეების სალოცავად მომხმობი მუეძინების ხმა.

ზღვის სანაპიროს უმეტესი ნაწილი ლოდებიანია. ბულვარი საუკეთესო ამინდშიც კი არ გამოირჩევა ხალხმრავლობითა და ხმაურით. ყველა თავისთვის წყნარად სეირნობს და ერთობა. საღამოობით ბულვარში მდებარე ზოგიერთ კაფეში ტრადიციული თურქული მუსიკის ცოცხალ კონცერტებსაც შეესწრებით, სადაც ხანდაზმული თუ ახალგაზრდა გულიანად, ცეკვით ჰყვება ტაქტს.

საღამოობით კაფეები და რესტორნები ადგილობრივი მაცხოვრებლებითაა სავსე. რიზეში გამრჯე, მშრომელი ხალხი ცხოვრობს. მათი უმეტესი ნაწილი ჩაის პლანტაციებში ფუსფუსებს ან ამ მოფუსფუსე ადამიანების მოყვანილ ჩაის ჰყიდის. ჰოდა, ეს ნაჯაფი ხალხი დამსახურებულად ისვენებს დღის ბოლოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად.

ალკოჰოლური სასმელიდან მხოლოდ ლუდი იყიდება ერთ-ორ სპეციალიზებულ მაღაზიაში და, საქართველოსთან შედარებით, თითქმის სამმაგი ფასი ადევს.

ირგვლივ ყველგან თურქეთის დროშები ფრიალებს, ფეხსაცმლის საწმენდ „კუნძულებთანაც“ კი. როგორც ჩანს, ამგვარი მომსახურება საკმაოდ პოპულარულია ადგილობრივ მამაკაცებში, რადგან ქალაქში უხვად მიმობნეულ „კუნძულთაგან“ ცარიელი იშვიათად დამინახავს.

აქაური მაცხოვრებლები ერთი შეხედვით პირქუშები ჩანან თითქოს, მაგრამ კონტაქტისას გულღია და ღიმილიან ადამიანებად იქცევიან. შეღამებულზე მეჩეთის მახლობლად ჩამოკიდულ ფერად-ფერად, მაგრამ უკვე ჩამქრალ ფარნებს წვიმაში ფოტოს ვუღებდი. იქვე მდებარე მაღაზია უკვე დაკეტილი იყო. როგორც ჩანს, შიგნით მყოფმა მეპატრონემ შენიშნა ჩემი მცდელობა, თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა, სადღაც აძვრა და ფარნები აანთო, თავი დამიკრა და ღიმილით ელოდებოდა, როდის დავასრულებდი ფოტოსესიას.

ჩვენ რიზეში, ცოტა არ იყოს, მოულოდნელად და დაუგეგმავად მოვხვდით, ამიტომ ყველა ღირსშესანიშნაობის ნახვა ვერ მოვასწარით. არადა, ამ პატარა ქალაქში და მის შემოგარენში ბევრი ადგილია, რომლის მონახულებაც ნამდვილად ღირს: XIV საუკუნეში აგებული რიზეს ციხე-სიმაგრე, ჯიხას, კალე-ბალას, ზირის სასახლები, ათათურქის მუზეუმი, აგარანის ჩანჩქერი, ანდონის, ჩაირლისა და შიმშირლის მინერალური წყლები, მორენის ტბა, ქაჩქარის ეროვნული პარკი... არც ადგილობრივი ისტორიის მუზეუმს ჩაუაროთ გულგრილად. ულამაზესია ჯაფერ ფაშას, ისლამ ფაშასა და გულბაჰარის მეჩეთები თავისი მინარეთებით. განსაკუთრებით - ღამით, როცა სიბნელეში იდუმალი ლურჯი და ნარინჯისფერი განათებით ჯადოსნურ, აღმოსავლეთის ზღაპრების შესაფერის განწყობილებას ქმნიან.

რიზე, უმთავრესად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებს - ნატურალურ პროდუქტს საკმაოდ მისაღებ ფასებში შეიძენთ. ქუჩაში სეირნობისას კვების პრობლემა არ შეგექმნებათ: ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით შაურმას ანუ „დონერს“, რომელსაც ძროხის, ქათმის ან თევზისგან ამზადებენ. ფასები 6 ლირიდან იწყება (დაახლოებით 3 ლარი). ისე, ყოველთვის მჯეროდა, რომ შაურმა ულვაშებიან, ხანჯლიან მამაკაცს უფრო გემრიელი გამოსდის და არც ახლა შევმცდარვარ. არომატული ჩაი ნატეხ შაქართან ერთად 1,5 ლირა ღირს. ასე რომ, გემრიელად და იაფად დანაყრდებით. ურიკებზე იწვება და იხარშება სიმინდი, რომელიც ირგვლივ მადისაღმძვრელ სურნელს აფრქვევს. აუცილებლად დააგემოვნეთ სიმიტი - ტრადიციული თურქული ბლითი სეზამის მარცვლებით (ეცადეთ, ახლადგამომცხვარი მიირთვათ, სანამ კანი ხრაშუნაა), ასევე ხელნაკეთი ტკბილეული, რომლითაც სავსეა კაფეები თუ სასურსათო მაღაზიები. სანელებლების მოყვარულებს კი ნამდვილი სამოთხე ელის: რიზეში უამრავი სპეციალიზებული ფარდულია, რომელშიც გურმანები საოცნებო სანელებელს აუცილებლად აღმოაჩენენ. ოღონდ ერთი კია: მთავარია, გააგებინოთ, რა გინდათ. სახელწოდებები სანელებლების უმეტესობას მხოლოდ თურქულად აწერია და იერით თუ იცნობთ. რიზე ასევე განთქმულია თავისი ტექსტილითა და ხალიჩებით, რომელთა შედევრებიც ჩვეულებრივ მაღაზიაშიც კი შეიძლება შემოგხვდეთ. სუვენირებში ხშირად ნახავთ გოგრისგან დამზადებულ ორიგინალურ სანათებს. აუცილებლად ეწვიეთ „ზირაათ ჩაი ბაღჩესს“ - მაღლობზე განთავსებული ბოტანიკური ბაღის ერთგვარ ჩაიხანას ღია ცის ქვეშ. შადრევნების ჩუხჩუხის ფონზე საუკეთესო თურქულ ჩაის მოგართმევენ, რომელიც თქვენსავე მაგიდაზე დუღდება და მზადდება. რასაკვირველია, ლეგენდარულ ერთმანეთზე შემოსკუპებულ ჩაიდნებში, რომლებსაც სპეციალური დასადგარიც აქვს და სასმელი მთელი საღამოს მანძილზე სიმხურვალეს ინარჩუნებს. პატარა ჩაიდნის ფასი 12 ლირაა, დიდის - 20 ლირა. გაითვალისწინეთ, რომ პატარა ჩაიდანი ოთხ კაცს თავისუფლად ჰყოფნის, ორჯერ სასმელის დამატებითაც კი. თუ საკმარისი დრო გაქვთ, „ზირაათს“ დღისითაც ესტუმრეთ და საღამოთიც: სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებებს მიიღებთ: საღამოს ატმოსფეროს მეტი იდუმალება ახლავს, დღისით კი ბოტანიკურ ბაღსაც დაათვალიერებთ და რიზეს ულამაზესი ხედითაც დატკბებით.

საყიდლებზე გასვლას შაბათ-კვირას გირჩევთ, რადგან ფასდაკლების დღეებია. ბოროტი ენები ამბობენ, მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს უკლებენ ფასს და არა ტურისტებსო, მაგრამ ცდა მაინც შეიძლება.

რაც შეეხება ე. წ. დრეს-კოდს (რასაკვირველია, ეს მანდილოსნებს ეხება): მართალია, კანონი არ ზღუდავს ღია ტანსაცმელს, მაგრამ როცა აღმოაჩენთ, რომ ქალაქში მოსიარულე ქალთა 99 %-ს კოჭს ზემოთ ფეხი არ უჩანს, თქვენი მოკრძალებული „მიდი“ სიშიშვლედ მოგეჩვენებათ. ყველა ადგილობრივ მოზრდილ ქალს და ახალგაზრდა გოგონების ნაწილს მოსავთ ჰიჯაბი, ჩადრი, ფარანჯა, ბურკა...

რიზემდე ჩამოსულმა კაცმა შანსი არ უნდა გაუშვას და კლდეში ნაკვეთი სუმელას მონასტერი და მისი შემოგარენიც უნდა მოინახულოს. გზად ტრაპიზონსაც გაივლით და მისი ულამაზესი სანაპიროთიც დატკბებით. რიზედან სუმელამდე „მარშუტკა“ ან ავტობუსი 25 ლირად წაგიყვანთ. თუ საკუთარი ავტომობილით მოგზაურობთ, ტრაპიზონში შევლა და მცირე აია-სოფიას ტაძრის მონახულებაც შეგიძლიათ. ჩვენი ვიზიტისას სუმელას მონასტრის რესტავრაცია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, მაგრამ მისი მისადგომების დათვალიერება ჩასვლად ნამდვილად ღირდა. ჰაერი აქ ისეთი ნოტიო და ჟანგბადით გაჯერებულია, რომ ყოველ წუთს გახსოვს, რა საოცრებას შეისუნთქავ. მონასტერში ასვლა ტყე-ტყეც შეიძლება და ულამაზეს ადგილებს გაივლით, მაგრამ საკმაოდ დამრეც ბილიკებზე მოგიწევთ სიარული. სინოტივისგან ხეების უცნაურად დაგრეხილი ფესვებიც სველია და ფეხიც ხშირად სხლტება. მოკლედ, ეს ვარიანტი  მხოლოდ ექსტრემალებისთვის თუ გამოდგება. სამანქანე გზა იმ ადგილამდე მიგიყვანთ, საიდანაც ხის ბილიკებიანი და კიბეებიანი ტყე-პარკის ავლით ახვალთ მონასტრამდე. უკან გზად მიმავალს სუვენირების სამოთხე გელით. ისე, გირჩევთ, სუვენირების ფასებს რიზეშივე გადახედოთ, რადგან ერთი და იგივე ნივთები სუმელას მისადგომებთან გაცილებით ძვირი ღირს. აქვეა კაფეც, სადაც მქუხარე მდინარეებსა და ჩანჩქერებში მობინადრე თევზებისა და სპილენძის ჭიქებით მორთმეული გამაგრილებელი აირანის დაგემოვნება შეგიძლიათ. რასაკვირველია, არომატულ ჩაისთან და აღმოსავლურ ტკბილეულთან ერთად. პატარა გარდასახვაც შეგიძლიათ მოიწყოთ და სპეციალურად ფოტოგადაღებისთვის მომზადებული სულთნის, დედოფლისა თუ რაინდის ტანისამოსი მოირგოთ.

ვისაც თურქეთის სხვა ქალაქები მოვლილი აქვს, შესაძლოა, რიზემ განსაკუთრებულად ვერ აღაფრთოვანოს (თუმცა, თუ ყველა იმ საინტერესო ადგილის მონახულებას მოახერხებთ, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, წესით, აქ ჩამოსვლა არ უნდა ინანოთ). ჩემი აზრით, ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ამ ქვეყნის კოლორიტი ხიბლავს, თუმცა ჯერ სერიოზული მოგზაურობა, თუნდაც შეზღუდული ბიუჯეტის გამო, ვერ გადაუწყვეტია. თურქეთის ფერებსა და არომატს კი ეს პატარა, მყუდრო ქალაქიც თავისებურად შეგაგრძნობინებთ.


ეკა ჯიმშელაძე

თბილისი - რიზე - თბილისი

                                                                                                                                           

                                                                                                                                                                




 


რიზე თურქეთი ჩაი

ბოლო სიახლეები