41-ე ბატალიონი GDRP-ის პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო

5 სექტემბერი, 2019 16:39 სამხედრო თემა



საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. მეხუთე როტაციის გახსნის ცერემონიალი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

41-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში მომზადებას ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში 13 კვირის განმავლობაში გაივლის. სწავლება ოთხ ფაზად დაიყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებელი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორთა ჯგუფი „ყორანი“ იქნება.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართვამდე 41-ე ბატალიონმა წინამოსამზადებელი სწავლება ინდივიდუალური, ათეულისა და ოცეულის დონეზე გაიარა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაა.

ბოლო სიახლეები