კორეაში ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი - ევროპა და აზია ერთ წიგნში“ გაიხსნა

9 სექტემბერი, 2019 16:54 კულტურა


საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოფიციალურად გაიხსნა ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი - ევროპა და აზია ერთ წიგნში“. 

 ექსპოზიციის ფარგლებში წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული  „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერების და ილუსტრაციების ნიმუშები (ასლები).

 დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, ასევე იხილონ „ვეფხისტყაოსნის“ კორეულენოვანი გამოცემები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა სეო ჰეი რანმა.

 კორეის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გამოფენის თემატიკის გათვალისწინებით, ქართული ეროვნული სამოსიც გამოიფინა.

 პროექტი კორეაში საქართველოს საელჩოს, კორეის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით  ხორციელდება .

 ოფიციალური გახსნის ცერემონიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ იონსეის და კორეის უნივერსიტეტის პროფესორები ჩო ჯუკ-ვანი და ჰო სუნგ-ჩული, რომლებმაც კორეულ ენაზე თარგმნეს „ვეფხისტყაოსანი“.

კორეა

ბოლო სიახლეები