სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ბავშვების ოჯახებს გამოიკვლევენ

1 ივლისი, 2019 14:30 მედიცინა

ორგანიზაცია Pure Earth შეხვედრას მართავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში

მრავალინდიკატორიანი კლასტერული კვლევის (MICS) შედეგების მიხედვით ტყვიის ზღვრულ მაჩვენებელზე (5 მკგ/დლ) მაღალიშემცველობა დაფიქსირდა 2-7 წლის ბავშვების 41%-ში; აქედან 25%-ში შემცველობა მცირედ მომატებულია (5-10 მკგ/დლ), ხოლო 16%-ში მეტია 10 მკ/დლ-ზე. კვლევამ აჩვენა, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა გავრცელებულია ქვეყანაში და, შესაბამისად, დადგა გადაუდებელი საჭიროება გამოვიკვლიოთ გარემოს სხვადასხვა ფაქტორი ტყვიის პოტენციური წყაროს მისაგნებად, რაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის განკარგულებით „ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენის და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“.
საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია სურსათისა და საცხოვრებელი გარემოს მიმდებარე გარემოს სინჯებზე; უმნიშვნელოვანესია ტყვიის სავარაუდო წყაროების გამოკვლევა შენობისშიდა ნიმუშებიდან, როგორიცაა შენობისშიდა ჰაერი, მტვერი, სამშენებლო მასალა, საღებავები, საკვები პროდუქტები, ბავშვის სათამაშოები, სამკაული; ასევე მნიშვნელოვანია ცენტრალიზებული სასმელი წყლის სინჯების აღება-გამოკვლევა ტყვიის შემცველობაზე.
ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა საერთაშორისო თანამშრომლობის და შესაძლებლობების გამოყენება, რომელთაც დიდ გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. ასეთი ორგანიზაციაა Pure Earth, რომელსაც აქვს ექსპერტული მრავალწლიანი გამოცდილება გარემოს და მასთან დაკავშირებული ეფექტების კვლევების მიმართულებით. ორგანიზაცია თანამშრომლობს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან და მსგავს კვლევებს ატარებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ორგანიზაციას მხარს უჭერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ევროკომისია, აზიის განვითარების (ADB) და მსოფლიო ბანკი. ორგანიზაციას მსგავსი პროექტები განხორციელებული აქვს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
Pure Earth-ის ჯგუფის მთავარი მკვლევარია ბრეტ ერიქსონი MSc, PhD, რომელიც შეიმუშავებს პროტოკოლს, უხელმძღვანელებს მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, გამოქვეყნების გეგმას; უზრუნველყოფს ნიმუშების ტრანსპორტირებას. საველე სამუშაოები დაწყებამდე განხორციელდა ტყვიის შესაძლოა წყაროების შესახებ გამოქვეყნებული ლიტერატურის დამუშავება და სავარაუდო წყაროების განსაზღვრა.
კვლევა ჩატარდება იმ 16 ბავშვის ოჯახში, რომელთაც სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაუფიქსირდათ და საკონტროლო ოჯახებში იმავე გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, სადაც მაჩვენებლები დაბალი იყო. ასევე, ჩატარდება შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ჯანმრტელობის ცენტრების წარმომადგენლებთან.
თანამშრომლობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებსა და ორგანიზაცია Pure Earth-თან კვლევის შემდგომაც გაგრძელდება საქართველოს მთავრობის ტყვიის ინტოქსიკაციის პრევენციის და კონტროლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

ბოლო სიახლეები