გიორგი გახარია: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია

10 სექტემბერი, 2019 19:03 პოლიტიკა


საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენი მთავრობა ამ კურსის ერთგულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას განაცხადა.

ანდერს ფოგ რასმუსენს, რომელიც თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და სამშვიდობო პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ანდერს ფოგ რასმუსენმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ნატო

ბოლო სიახლეები