დავით ზალკალიანმა მიროსლავ ლაიჩაკთან თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილა

10 სექტემბერი, 2019 19:18 პოლიტიკა



დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს უმასპინძლა.

 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი.

 განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს საოკუპაციო რეჟიმის ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რითიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე დაიხურა ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და ადგილზე ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს.

 „ქმედებები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში. ისინი სრულად კეტავენ ცხინვალის რეგიონთან ხაზს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს პროცესი, მიმართულია, რომ ჩვენ გვაიძულონ ჩავერთოთ უკანონო დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება. რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არის მთავარი პრინციპი.

 ჩვენ მომავალშიც აუცილებლად აქტიურად გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, მათ შორის, ჟენევის ფორმატს და გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას არსებული გამოწვევების წინაშე.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სლოვაკეთი

ბოლო სიახლეები