სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დიდ ბრიტანეთში „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტის“ ნომინაციაში დაჯილდოვდა

1 ივლისი, 2019 19:45 ეკონომიკა & ბიზნესი

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დიდ ბრიტანეთში  „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტის“  ნომინაციაში დაჯილდოვდა.

ღონისძიება “Emerging Europe Leaders’ Meeting & Awards” 27-28 ივნისს,  ქ. ლონდონში გაიმართა. ღონისძიების მიზანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე და საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნების წარმოჩენა იყო. ღონისძიებაზე გამარჯვებულები 17 კატეგორიაში გამოვლინდნენ.  დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველო 3 ნომინაციაში იყო წარდგენილი.   სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებით,  ნომინაციაში „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტი“ (FDI Project of the Year) კომპანიების “Jaguar“ და „Continental“ შემდეგ, მესამე ადგილზე კომპანია „აჭარა ტექსტილი“-ს პროექტი გავიდა. საწარმო 2018 წელს, ქ. ფოთში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა.

აღნიშნულ საწარმოში  1300-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და  ჯამში 3000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. კომპანია 100%-ით ექსპორტზე მუშაობს და ტანსაცმელს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma. შპს “აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში, როგორც ფინანსური, ასევე, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ ფოთში მდებარე 40 777 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს. ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი  80 მლნ ლარია.

დაჯილდოების ცერემონიალში „Emerging Europe Leaders’ Meeting & Awards“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა. დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით,   მიხეილ ხიდურელმა  შეხვედრები გამართა უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე მსხვილ ბრიტანულ კომპანიებთან.


დიდი ბრიტანეთი

ბოლო სიახლეები