5 ოქტომბერს, შაბათს, თბილისის ზოოპარკში, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ პროგრამას აქვეყნებს. გთავაზობთ განცხადებას, რომელიც ზოოპარკმა თავის "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა:
"ისეთი საინტერესო ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, ისეთი, 12:00 საათიდან რომ შემოგვიერთდებით, დღის ბოლომდე ვეღარც მოგვწყდებით.
რა მოხდება? ახლავე გიამბობთ.
ზოოპარკში, ზოოპარკის ბინადრებს, პერმანენტულად უტარდებათ სხვადასხვა აქტივობები იმისთვის, რომ არ მოიწყინონ, იყვნენ აქტიურები, ხალისიანები და ჯანმრთელები. 5 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახეობის ცხოველთან სხვადასხვაგვარი აქტივობა გაიმართება. ზოგან საკვებს შესთავაზებენ განსხვავებულად, ზოგან უცნობ ნივთებს ჩამოუკიდებენ, ზოგანაც თქვენ მოგეცემათ ცხოველების გამოკვებისა და მოფერების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები ყოველ ვოლიერთან მოგამარაგებენ ცხოველთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაციით.
გადახედეთ განრიგს და მიხვდებით, რომ ეს არ უნდა გამოტოვოთ:
12:00 - მაიმუნებისა და თივიანი ყუთების შერკინება;
ლოკაცია: ბერბერული მაკაკებისა და ჰამადრილების ვოლიერები.
12:30 - ჩაეხუტე გველებს და დაამარცხე გველების ფობია;
ლოკაცია: ეგზოტარიუმი.
13:00 - ასუსნავე ლემურები - გაეცი პასუხები მარტივ კითხვებზე და საჩუქრად საკუთარი ხელით გამოკვებე ლემურები;
ლოკაცია: ლემურების ზედა ვოლიერი.
13:30 - მარტორქას სპა - დაესწარი მანუელას სპაპროცედურებს;
ლოკაცია: მარტორქას ვოლიერი.
14:00 - გამოკვებე აქლემი ვილი და შეიტანე წვლილი მისი კუზების გავსებაში;
ლოკაცია: აქლემის ვოლიერი.
14:30 - სპილოების ბალეტი - დააკვირდი, რა ჰაეროვნად წყვეტენ მოკონწიალე ბანანებს ბუმბერაზი სპილოები;
ლოკაცია: სპილოების ვოლიერი.
15:00 - წყალმცურავი ფრინველების სადილი - გინახავთ, როგორ იჭერენ ვარხვები ჰაერში ატყორცნილ თევზებს?
ლოკაცია: წყალმცურავი ფრინველების ვოლიერი.
15:30 - ლეშიჭამიების ბანკეტი - საშიში სათაურია, არა?;
ლოკაცია: მტაცებელი ფრინველების ვოლიერი.
16:00 - მანგუსტებისა და ჰაერში მოფარფატე თევზების ჯაჯგური;
ლოკაცია: მანგუსტების ვოლიერი.
16:30 - ბარკლების წვიმა ლეოპარდებთან (ესეც კარგი სათაური გამოვიდა).
ლოკაცია: ლეოპარდების ვოლიერი.
მოხვალთ?
აბა, რას იზამთ!!!
მანგუსტებისა და ჰაერში მოფარფატე თევზების ჯაჯგურის გამოტოვება ყოვლად დაუშვებელია!"