2019 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

10 ოქტომბერი, 2019 12:41 საზოგადოება



სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საჯარო შეხვედრაზე, რომლის თემაც იყო „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“, ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი ცნობიერების ნაკლებობასა და საზოგადოებაში არსებულ ტაბუზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური და თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების საჭიროებას და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, არასაკმარისია თემზე დაფუძნებული და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობა; პრობლემურია სერვისის უწყვეტობის საკითხიც და ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. მნიშვნელოვან გამოწვევად გამოკვეთა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენა და სათანადო მართვა; სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში არსებული არასათანადო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები; სომატური ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის პრობლემები. უარყოფითად შეაფასა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის არარსებობა.

"დეინსტიტუციონალიზაცია არის ის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომლისკენაც უნდა ვიმოძრაოთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უმოკლეს ვადებში გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად. მათ შორის, თემზე დაფუძნებული მცირე საცხოვრისების მოსაწყობად ქალაქებში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა პირობები და ხელი შეეწყოს ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციას. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, აუცილებელია გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რათა მოქმედ დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პირები ღირსეულ პირობებში გვყავდეს, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი ფოკუსი სუიციდის პრევენციაა. საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207 კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ამ ფონზე, სახელმწიფო ფაქტობრივად არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს. დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის დამტკიცებაც და განხორციელებაც ჯერ კიდევ 2016 წლისთვის იყო განსაზღვრული სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით.

ბოლო სიახლეები