გიორგი გახარია: მთავარი მიზანია დაავადების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება

4 ივნისი, 2020 13:25 საზოგადოება

გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ ფართო კვლევას, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის ეპიდემიას სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვთა უფლებებსა და სამართლებრივ პროცესებზე

დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიურად ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იმ გეგმის, რომელსაც მივყვებით მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ნაბიჯი მომავალში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა - წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქეების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა და სტრატეგიაა ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, მოქალაქეებისთვის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მათი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე, სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციის და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრების და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფის და მისი გეოგრაფიის. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი, თითოეული ჩვენგანის, მინისტრის და სამინისტროსი - სწრაფი გამოვლენა , სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმის მუშაობის პროცესზე. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, კრიზისიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში.

„ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ პირველი ღონისძიებები და ჩვენი ეკონომიკური რეაქციის, პოსტ ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირების პირველი ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო მაქსიმალურად დაფარვის მქონე ღონისძიებების მიღება, რაც გახლდათ, პირველ რიგში, კომუნალური გადასახადები, სესხების გადავადება, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეგო დრო, უკეთესად გავრკვეულიყავით ამ გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ უკვე გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომელსაც ჩვენი მოქალაქეები უკვე იღებენ. გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგინეთ 4 ყველაზე უფრო დაზიანებულ სექტორში ანტიკრიზისული გეგმა და ყოველთვის ვამბობდით, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია ეს არის სხვა ისტორია, ეს არის სხვა გეგმა და ამას სჭირდება სხვა დონის მუშაობა. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები ჩართული არიან იმ პლატფორმებში, რომელიც ჩვენ შევქმენით ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელზეც გარდა ჩვენი ადგილობრივი ექსპერტებისა, მუშაობენ კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები და ასევე, New York-ის deloitte-ის ანალიტიკოსები ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად. ამ გეგმას, დასრულებისთანავე, პირველი სამუშაო ვარიანტს, განსახილველად გამოვიტან ჩვენს მოქალაქეებთან. ეს არის ის გეგმა, რომელიც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტ პანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურებიც ჯერ არც თუ ისე კარგად არის ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს მოუწოდა, რომ ის აქტიური მუშაობა, რაც მიმდინარეობს ჩვენს კოლეგებთან, როგორც ლონდონის და კემბრიჯის უნივერსიტეტის, ასევე deloitte-ის წარმომადგენლებთან, გააგრძელონ და გაააქტიურონ.

„ჩვენ გვაქვს დაახლოებით ერთი თვე იმისთვის, რომ ამ გეგმის პირველი მონახაზი გვქონდეს და შემდეგ კიდევ ერთი თვე, რომ ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ამ გეგმას საბოლოო სახე მივცეთ და უკვე დავიწყოთ ფიქრი ამ გეგმის განხორციელებაზე, როგორც წლევანდელ საბიუჯეტო წელს ჩვენ გვექნება გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი, მაგრამ ძირითადი აქცენტი ჩვენ გვექნება შემდგომი წლის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა.

„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი - პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით.ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამებზე და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროგრამები ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად მუშაობდა და ამ პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მისივე თქმით, გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვაც.

„ცვლილებები იქნება „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ. ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მე გამოვყოფ მხოლოდ ერთს, რაც ასევე მნიშვნელოვანია - მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად მუშაობდა ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე. ეს არის ასევე პირდაპირი დახმარება იმ ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან, ამ გაურკვევლობაშიც დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვაც. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ.

„გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ „აწარმოე საქართველო“ ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების მეშვეობით, პირდაპირ მივლენ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული და იმის მაგივრად, რომ ჩვენი მოქალაქეები, ფერმერები, მეწარმეები, იმის მაგივრად, რომ ჩამოსულიყვნენ თბილისში და აქ, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერკვიათ ამა თუ იმ პროგრამის დეტალები, ახლა ეს პროგრამები იქნება ადგილობრივ დონეზე რაიონში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოქალაქეები ეფექტურად გამოიყენებენ’, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მთავრობა იწყებს ფართო კვლევას, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის ეპიდემიას სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვთა უფლებებსა და სამართლებრივ პროცესებზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში იანვრიდან მაისის ჩათვლით ღონისძიებების სრული ანგარიში წერილობით მომზადდა და პარლამენტს გაეგზავნა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მოტივით, რა სქემით, რა სტრუქტურით იყო გადაწყვეტილებები მიღებული, რა იყო მოტივაცია და მიზანი ამ გადაწყვეტილებების. ანგარიშში ეს ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი და გაშიფრული, ასევე, პირდაპირ მოტანილია ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რის გამოც ჩვენ მოგვიწია ასეთი მძიმე შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბევრი სხვა დეტალი. ფაქტობრივად, აქ არის თითოეული უწყების და მთლიანად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ანალიზი, მათი ახსნა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და რა თქმა უნდა ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან. ანგარიშზე მუშაობამ ჩვენ აშკარად დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმ სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის, რომელზეც დღეს ბევრი საუბარი მიმდინარეობს, გვინდა გამოვიყენოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ეპიდემიის ზეგავლენისა ჩვენი ცხოვრების სფეროებზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი შეფასებით, სახელმწიფომ გლობალურ პანდემიას უპასუხა ეფექტურად, მართა რისკები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს გადაზღვევა, რათა მოხდეს ადაპტაცია არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების მაქსიმალურად სწრაფ დროში ჩატარებაში. გარდა იმისა, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, უკეთ მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისთვის, რა თქმა უნდა ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა თეთრიწყაროს შეზღუდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას უკვე შეუძლია გადადგას ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, რომ თეთრიწყაროს რაიონში დაწესებულია საკმაოდ მძიმე შეზღუდვები. ინფიცირების ბოლო შემთხვევა ჩვენ გვქონდა 22 მაისს, 22 მაისიდან დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს 1 ინკუბაციის პერიოდს არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში, აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა რაიონში მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ამავე დროს, უნდა მოვუწოდოთ თეთრიწყაროელებს, რომ დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ბოლო სიახლეები