გოჩა მირცხულავა
ჟურნალისტი,
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი
"ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს!
აბსოლუტურად გასაგებია ზიანი, რომელიც გადგებათ, ვალდებულებები, რომელიც პასუხის გაცემას ითხოვს და ისიც, რომ ზაფხული წელიწადში ერთხელაა. ამ გააზრებას თქვენი მხრიდან იმაზე დაფიქრებაც სჭირდება, რომ ჩვენ - თქვენს პოტენციურ კლიენტებს, ასევე მოგვადგა ზიანი, ჩვენი ვალდებულებებიც მოითხოვს პასუხის გაცემას და ზაფხული, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთვისაც წელიწადში ერთხელაა.
ახლა იცით რის საფრთხეს ვხედავ? უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება ბევრი - უმეტესობა და მორალურად და მატერიალურად წარმატებას ნახავს ცოტა, მაგრამ მოქალაქეობრივი შეგრძნებისა და სწორი ბიზნესგააზრების მქონე თქვენგანი.
წელს არავინ გადაგიხდით კოკა-კოლაში 6,7,8 ლარს, რაც ადრეც - "კარგი ცხოვრების" დროსაც - სიხარბის პიკი იყო თქვენგან. არავინ შეჭამს ერთ ხინკალს 2,5 ლარად და გუშინწინდელი "ვირის ხორცის" მწვადს 25 ლარად. წელს მშობლებს შვილების არ მოერიდებათ და ეტყვიან, რომ დღეში ერთი ნაყინის მეტს ვერ უყიდიან და ბავშვები ამას გაიგებენ. წელს არავინ გადაგიხდით კოიკაში 60 ლარს და თან ისე, რომ ტუალეტის და აბაზანის რიგებში იდგნენ. წელს თქვენი გაბრაზებული და აგრესიული პერსონალის მიერ დაულაგებელ სასტუმროს ნომრებში ერთ დღეში 150 დოლარს "ჩიკა და მისი დაქალუშკებიც" არ გადაყრიან. და ეს ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი გააკეთებს ამას, მით უფრო გაიაზრებთ, რომ თქვენი კლიენტები საბალახოდან დაბრუნებული ძროხები კი არა,თქვენივე თანამოქალაქეები არიან, რომლებმაც მინიმუმ ის იციან, რომ სახელმწიფოსგან გაქვთ ხელშეწყობა და მაინც უკიდეგანო ხარბებივით იქცევით.
სამაგიეროდ იხეირებენ თქვენი სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებთაც აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა, საკუთარ ბიზნესს სერვისებსაც დაამატებენ, მომსახურეობის ხარისხს მინიმუმ იმით გაზრდიან, რომ მათი მიმტანები, თუ თანამშრომლები კლიენტებს გაუღიმებენ და თეფშებს მაგიდებზე არ დაუხეთქებენ, ნახევრად მოუხარშავ ხინკალს არ მიუტენენ, ყინულიან ონკანის წყალსაც უფასოდ დაუდგამენ მაგიდაზე, ოთახებსაც გულმოდგინედ დაულაგებენ და მყარ გადაწყვეტილებასაც მიაღებინებებ, რომ მომავალი წლისთვის ისევ მათ ესტუმრონ. ჰო, ფასები კი მათთან მომხიბვლელი იმით იქნება, რომ თვალსაჩინოდ გამოაკრავენ ბანერებად გადახაზულ შარშანდელ ფასს და შემოხაზულს წლევანდელს, რომელიც საგრძნობლად ნაკლები იქნება.
დოლარი გაძვირდა - არგუმენტი არ არის. ჩვენთვისაც! არც ის, რომ ხარჯები გაიზარდა, ჩვენთვისაც!
გაითვალისწინეთ, ზარალსაც აქვს ოდენობა - ბევრად მეტი, ბევრად ნაკლები.
სულ ეს უნდა მეთქვა და მერჩია. განსაკუთრებით, 12 კვ.მ "ნომრების" დღეში 150 დოლარად გამქირავებლებისთვის და ჭიქა ყავის 10 ლარად გამსუხარებლებისთვისაც.
ჰო, მართლა, "სად წავლენ, მაინც მოვლენ" - არასწორი გააზრებაა. სოფელში, ერთი ზაფხული ზღვის და მთის გაერეშე გაძლებენ. თქვენ კი შეგრჩებათ ხელში "ქილა ერბო" და ოცნებები, რაც სულაც არ არის კარგი..."