ლოზანა-2020-ის ოლიმპიური ცეცხლისთვის ეკოლოგიურად სუფთა საწვავს გამოიყენებენ

10 ივლისი, 2019 11:34 სპორტი


პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ლოზანის ზამთრის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფიალაში დანთებული ცეცხლისთვის გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა საწვავი.
9 იანვარს ათენში დანთებულ ცეცხლს ლოზანა-2020-ის გახსნის ცერემონიაზე ჩაიტანენ, სადაც მაყურებელი ნახავს ახალგაზრდა შვეიცარიელი მეცნიერების მიერ შემუშავებულ ინოვაციურ გამოგონებას. 
ინჟინერთა გუნდმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც ოლიმპიურ ცეცხლს 24-საათიანი ავტონომიური რეჟიმით უზრუნველყოფს. ერთადერთი, რაც ამისთვის უნდა გაკეთდეს, ეს დღეში ერთხელ საგანგებოდ შერჩეული მერქნის გრანულების ფიალაში ჩამატება იქნება. 
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სიმბოლოს დიზაინი შეიმუშავეს ლოზანის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. პროექტის ინჟინერულ შემადგენელზე იზრუნეს ტექნიკური ინსტიტუტების - C-For და ECAL-ის წარმომადგენლებმა.
ოლიმპიური ცეცხლის ფიალის საბოლოო დიზაინი თამაშების გახსნამდე საიდუმლოდ დარჩება.

ლოზანა-2020

ბოლო სიახლეები