საბჭოთა რეჟიმის დევნილი მოღვაწეების არქივები საქართველოშია

11 ივლისი, 2019 20:18 საზოგადოება

საბჭოთა რეჟიმის დევნილი მოღვაწეების არქივები საქართველოშია. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს:

"დღეს, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან მიიღო საბჭოთა რეჟიმისა და რუსეთის პოლიტიკის მიერ, რეჟიმის დასაწყისისა და დასასრულის დროს დევნილი, ორი ქართველი ემიგრანტის დისიდენტური არქივები: ალექსანდრე მანველიშვილისა (1904-1997) და ვალერი ჭალიძის ( 1938-2018). ორივე არქივი სრულად წარმოადგენს ორივე ემიგრანტის პირად ბიბლიოთეკას, ცხოვრებისეულ ინტერესებსა და სამუშაო მასალებს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მანველიშვილიცა და ვალერი ჭალიძეც, დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც და ამერიკაშიც არ წყვეტდნენ მუშაობას ქვეყნის გათავისუფლებისა და სამშობლოში დარჩენილთა დახმარებისთვის. ორივე ქართველი, სხვადასხვა პერიოდში, აქტიურად იყო ჩართული დისიდენტურ და გამათავისუფლებელ მოძრაობაში: 
ალექსანდრე მანველიშვილი პირადად ხელმძღვანელობდა ქართული ემიგრაციის პირველი ტალღის გამოცემებს, ხოლო ვალერი ჭალიძე პირადად გამოსცემდა საბჭოეთის დაპყრობილ ქვეყნებში, ადამიანთა უფლებების რეალური მდგომარეობის ამსახველ, აკრძალულ მასალებს. 
ორივე ემიგრანტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდაიცვალა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში სტუმრობას აპირებდა. დღეს, დამოუკიდებელი საქართველო მათი შედეგიც არის. 
არქივების გადმოგზავნაზე მუშაობა ამა წლის იანვარში, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების, გიორგი კეკელიძის, ლევან თაქთაქიშვილისა და მაია სიმონიშვილი ამერიკაში ათდღიანი ვიზიტის დროს, სხვადასხვა შტატებში, ალექსანდრე მანველიშვილისა და ვალერი ჭალიძის ოჯახებთან მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო და დღეს რეალური შედეგით დასრულდა. ქართველ ემიგრანტთა არქივების საერთო მოცულობა 985 კილოგრამია. 
დიდი მადლობა პეტრე მანველიშვილსა და ლიზა ჭალიძეს ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის. მოხარულები ვართ, რომ საბჭოთა რეჟიმისა და რუსეთის პოლიტიკის შედეგად გადახვეწილი, ქართველი მოღვაწეების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, დღეიდან უფრო მეტი გვეცოდინება".

ბოლო სიახლეები