საქართველო 3x3 კალათბურთში ევროპის თასს მასპინძლობს

7 სექტემბერი, 2019 14:27 სპორტი


პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველო 3x3 კალათბურთში ევროპის თასს მასპინძლობს. ტურნირში 18 წლამდე ასაკის ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები მონაწილეობენ. თბილისს 16 ქვეყნის 24 გუნდი ეწვია.

ევროპის თასის გახსნის საზეიმო ცერემონია რიყის პარკში გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ მოედანზე მაყურებლების წინაშე ანსამბლი „სუხიშვილები“ წარსდგა. ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და FIBA ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა მიმართეს.
ღონისძიებას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, თბილისის მერიისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, გულშემატკივარმა საქართველოსა და გერმანიის გოგონათა ნაკრებების მატჩი იხილა.

ევროპის თასი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართება. ტურნირს საქართველოს დედაქალაქი 3 დღის განმავლობაში მასპინძლობს. 8 სექტემბერს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

საქართველო მსოფლიოს საკალათბურთო რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებს. 2021 წელს, თბილისი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს. ისტორიული სპორტული ღონისძიებისთვის, საქართველოს დედაქალაქში 15 000 გულშემატკივარზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტის სასახლე შენდება.

კალათბურთი

ბოლო სიახლეები