ქართული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სერბეთში დაინერგა

13 სექტემბერი, 2019 11:59 საზოგადოება



ქართული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სერბეთში დაინერგა. სერბეთის ქალაქ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტში ქართული მოდელის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა ბრანკო რუჟიჩმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტის მერი სანდრა პანტელიჩი, საქართველოსა და სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი.

სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რომელიც იზიარებს საქართველოს გამოცდილებას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვის კუთხით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირში გაწევრების გზაზე მდგარი სახელმწიფო საქართველოსგან იღებს მაგალითს და ქვეყანაში ნერგავს საჯარო ადმინისტრირებისა და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს და სხვა მიღწევები, რაც საქართველოს აქვს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, იქნება შესანიშნავი აქტივი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც მიმართულია ხარისხის ზრდასა და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სერბეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა ბრანკო რუჟიჩმა მიიწვია. რუჟიჩი საქართველოში 2017 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, როცა ხელი მოეწერა და საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცენტრების ქართული მოდელის სერბეთში დანერგვის პროცესს.

ქართული დელეგაცია სერბეთში 13 სექტემბრამდე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკვე შეხვდა სერბეთის პრემიერ-მინისტრს. თეა წულუკიანი დღეს სერბეთის რესპუბლიკის იუსტიციის სახელმწიფო მდივანს შეხვდება.


სერბეთი

ბოლო სიახლეები