მეცნიერები გამოუძინებლობის კიდევ ერთ მავნე შედეგზე გვაფრთხილებენ

21 სექტემბერი, 2019 14:48 სხვადასხვა


 


წყარო: РИА Новости

 

პორტუგალიელ მეცნიერთა ჯგუფის დასკვნით, ძილის დარღვევა და უკმარისობა უარყოფითად აისახება კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ გამოცემა EurekAlert!-ი წერს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ILC3-ის ჯგუფის იმ იმუნური უჯრედების ფუნქციონირება, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ძილისა და სიფხიზლის რეჟიმზეა დამოკიდებული. ეს უჯრედები ებრძვიან ინფექციებს, პასუხს აგებენ ნაწლავური ეპითელიუმის მთლიანობაზე და ლიპიდების შეწოვაზე.


ექსპერიმენტის მსვლელობისას მკვლევარებმა დაარღვიეს ორგანიზმის ცირკადული რიტმები, რის შედეგადაც კუჭ-ნაწლავში ILC3-ს რაოდენობა შემცირდა. ამან, თავის მხრივ, ძლიერი ანთება, კუჭ-ნაწლავის ბარიერის დარღვევა და ცხიმის დაგროვების მატება გამოიწვია. როგორც მეცნიერებმა გამოარკვიეს, ეს ILC3-ის ნაწლავების ქსოვილში მიგრაციის დარღვევის გამო ხდება. ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დარღვევისას იმუნური უჯრედების მემბრანებში აღარ გამომუშავდება ცილები, რომლებიც ILC3-ს მიანიშნებენ, ნაწლავების რომელ უბანში უნდა გადაადგილდნენ მავნე მიკროფლორასთან საბრძოლველად და ეპითელიუმის აღსადგენად.


"არასაკმარის ძილს ან დღის რეჟიმის ცვლილებას ჯანმრთელობისთვის დრამატული შედეგების მოტანა შეუძლია. შესაძლებელია იმუნიტეტთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენა, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ანთება", ამბობს ნაშრომის მთავარი ავტორი ენრიკე ვეიგა-ფერნანდესი.

სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები, რომლებიც ღამით მუშაობენ ან სხვადასხვა სასაათო სარტყელის მქონე ქვეყნებში მოგზაურობენ, ხშირად უჩივიან ჭარბ წონას ან კუჭ-ნაწლავის ანთებას, აღნიშნავენ სპეციალისტები.

 


ბოლო სიახლეები